გორში, სადაც “ახალბაღი” ერთადერთი სარეკრეაციო ზონაა, ადგილობრივებს ბავშვები გასართობად მაინც ვერ დაჰყავთ. როგორც ჩატარებული ექსპერტიზიდან ირკვევა, პარკის ტერიტორიაზე განლაგებული ატრაქციონები ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია. გახსნილია გადმოვარდნისგან დამცავი ჩამკეტის დასამაგრებელი ჯაჭვები, ვაგონებში წყალი გროვდება, არ არის გაზომილი დამიწების კონტურების წინაღობა. ეს არის იმ ხარვეზების მცირე ჩამონათვალი, რის გამოც ატრაქციონები ამ დრომდე უფუნქციოა. არადა, ამ პარკის რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 12 მილიონზე მეტია დახარჯული.
„ახალბაღში” განლაგებული ატრაქციონების შესაძენად გორის მერიამ ჯერ კიდევ 2020 წელს 800 ათასი ლარი გადაიხადა. ისინი კომპანია „ინგომ“ ჩინეთიდან ჩამოიტანა და დაამონტაჟა ისეთ პარკში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებდა. პარკის რეაბილიტაცია, რომელიც ატრაქციონების მონტაჟიდან ერთ თვეში დაიწყო, 3 წლის განმავლობაში ისე მიმდინარეობდა, რომ ატრაქციონებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ატრაქციონების შემძენი კომპანია სრულ პასუხისმგებლობას გორის მერიას აკისრებს.
დაუდევრობასა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ამბობენ რომ „ახალბაღის” რეაბილიტაცია კიდევ ერთი მაგალითია, როგორ ფლანგავს ადგილობრივი ხელისფლება ხალხის ფულს.