ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მოკავშირემ, ილონ მასკმა X-ზე ახალი პარტიის დაარსების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც X-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ხმის მიმცემთა 65% ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს.
4 ივლისს X-ზე ჩატარებულ ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა 1 248 856-მა მომხმარებელმა მიიღო.
“თანაფარდობით ორი ერთის წინააღმდეგ, თქვენ ახალი პოლიტიკური პარტია გსურთ და ამას მიიღებთ!” დაწერა მასკმა.
“როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა – დემოკრატიაში. დღეს ყალიბდება ამერიკის პარტია, რათა თავისუფლება დაგიბრუნდეთ.” – დაამატა მან.
ცნობისთვის, საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტის გამო ტრამპსა და მასკს შორის პირველად საჯარო დაპირისპირება 3 ივნისს დაიწყო, როცა მასკმა კანონპროექტს, რომელიც იმ დროს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში განიხილებოდა, “გულისამრევი საშინელება” უწოდა.
ხოლო 1-ელ ივლისს, როცა კანონპროექტს სენატში განიხილავდნენ, მასკი დაიმუქრა, რომ მისი მიღების შემთხვევაში ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა.
ტრამპის “დიდ, ლამაზ” კანონპროექტს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ საბოლოოდ მხარი 3 ივლისს დაუჭირა, 218 ხმით 214-ის წინააღმდეგ. მომდევნო დღეს კი თეთრ სახლში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა, რითაც ის ძალაში შევიდა.
