“შაბათის ეთერისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ახალი შეფის, ანრი ოხანაშვილი დანიშვნის შემდეგ, სამსახურიდან უშვებენ იმ მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის კარგად ითვლებოდა.
ერთ-ერთი ბოლო, ვინც პოსტს დაემშვიდობა, სუს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, გიორგი ღამბაშიძე იყო. ახლა ღამბაშიძის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო პროდუქციით ვაჭრობაა. ჯერ კიდევ სუს-ში მუშაობის დროს ის ფლობდა, კაფელ-მეტლახისა და სხვა სამშენებლო მასალების მაღაზიას დიღომში. სუს-ში მუშაობის პარალელურად, გიორგი ღამბაშიძე, ფლობდა არა მხოლოდ სამშენებლო მასალების ბიზნესს არამედ, სამშენებლო კომპანიასაც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დაატოვებინეს გიორგი საბედაშვილსაც. საბედაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის მარჯვენა ხელი იყო.
2025 წლის 5 აპრილით დათარიღებულ ბრძანებაზე ერთი ხელი მოწერით ირაკლი კობახიძემ თანამდებობიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის 4 მოადგილე გაათავისუფლა. ერთ დღეში გადააყენეს ლევან ახობაძე, თანამდებობა დაატოვებინეს შენგელი ფიცხელაურს, გიგა ნიკოლეიშვილს და ლილუაშვილის პირველ მოადგილეს, ალექსი ბატიაშვილს.
“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის კადრებისგან ძალოვანი სისტემის წმენდის პროცესი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ სრულდება.
გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის ინფორმაციით, თანამდებობიდან გაუშვეს შოთა რიჟამაძე საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე. შოთა რიჟამაძე პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გადაიყვანეს. ის ლილუაშვილის ხელმძღვანელობის დროს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი იყო, მისი დეპარტამენტი იკვლევდა კორუფციის ფაქტებს სახელმწიფო უწყებებში და ადგენდა ჰქონდა თუ არა ჩინოვნიკების მიერ ადგილი დანაშაულის ჩადენას.
ამასტან, დაზვერვის ყოფილი შეფი და გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი გიორგი ლილუაშვილი, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ირაკლი კობახიძისვე ბრძანებით 2025 წლის მარტში დაინიშნა, არასრულ სამ თვეში თანამდებობიდან გაუშვეს.