სომხეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა რუსეთის ელჩს სერგეი კოპირკინს. დასახელებული მიზეზია არამეგობრული, დეზინფორმაციული თავდასხმები ერევანზე, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებიდან.
მედიის თანახმად, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნახსენებია მთავრობის საწინააღმდეგო „მტრული პროპაგანდა“, რომელიც მოიცავს რუსი ჩინოვნიკების, დეპუტატებისა თუ ექსპერტების კომენტარებს. ერევანი თვლის, რომ ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.
„[რუსეთში გაკეთებელ] განცხადებებში, იმ პირთა დაკავება, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ, განიხილება „მორიგ არამეგობრულ ნაბიჯად სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მხრიდან“. შესაბამისად, ასეთი განცხადებები არა მხოლოდ აბსურდია – რადგან გაუგებარია, როგორ და რატომ ითვლება არამეგობრულ ნაბიჯად სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა – არამედ წარმოადგენს უხეშ ჩარევას სომხეთის შიდა საქმეებში“, – აცხადებს სომხეთის საგარეო უწყება.
სომხეთში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი საინფორმაციო პოლიტიკა გატარებულია მიზანმიმართულად – სომხეთის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციური წყობის დასაზიანებლად.
ბოლო კვირებში სომხეთში არაერთი ადამიანი დააკავეს სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობისთვის. მათ შორის არიან სასულიერო პირები.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას – არ ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. პრეზიდენტ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უპასუხა, რომ მოსკოვი არ აპირებს ჩარევას და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში მილიონობით სომეხი ცხოვრობს და თვალს ადევნებენ სომხეთში მიმდინარე მოვლენებს.
ფორუმი