დავით ჩხეიძე: ბატონი მ. ყაველაშვილის დღევანდელი განცხადება არის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების დაცინვის მცდელობა. განსაკუთრებით მათი, ვინც თანხმობას აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დავით ჩხეიძე:
კიდევ ერთხელ ვიტყვი – ღირსება ამ ბრძოლაში მთავარი იარაღია.
და ეს არ არის ჩემი იდეალისტური განაცხადი, არამედ პრაგმატული პოლიტიკური განმარტებაა.
ავტორიტარიზმი რომ შედგეს, ჯერ თვითშეფასება უნდა დაგაკარგვინოს.
(და ბევრ პოლიტიკოსში, თანამებრძოლში შემიმჩნევია, დაეჭვება საკუთარ მნიშვნელობაში, მაშინ როდესაც ქვეყანა დგას მის ღირსებაზე.)
როდესაც ავტორიტარიზმი ამას ვერ ახერხებს – ვერ მყარდება.
ამიტომ ღირსეული ადამიანი წინაღობაა მისთვის; მისი ღირსება – მთავარი სამიზნე.
ნახეთ, როგორ მიუდგა საჯარო მოხელეებს – გააუქმა როგორც უვადოდ განწესებული პროფესიონალები,
და მერე უთხრა: ითხოვეთ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმება.
ნახეთ, როგორ მიუდგა დიპლომატებს – მოხსნა და აიძულა, ისევ თხოვნით მიემართათ. ვინც მიმართა, ან დააქვეითა, ან სხვა მიმართულებით დანიშნა. სინამდვილეში გააუქმა, როგორც სპეციალისტი.
ნახეთ, როგორ მიუდგა არასამთავრობო ორგანიზაციებს – აიძულებს, აღიარონ, რომ უცხო ძალის ინტერესებს ატარებენ ქვეყანაში; აგენტები არიან.
ნახეთ, როგორ მოექცა პოლიტიკოსებს – აიძულებდა, ეღიარებინათ პარლამენტი, რომელშიც არ შევიდნენ. არ აღიარეს – და დაიჭირა.
მიდგომა ასეთია: თავი მომიხარე, თორემ დაგსჯი და შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში დაგცინებ.
ბატონი მ. ყაველაშვილის დღევანდელი განცხადება არის დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების დაცინვის მცდელობა. განსაკუთრებით მათი, ვინც თანხმობას აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე.
მაგრამ შეუმდგარი, რადგან პოლიტიკოსები არ გატყდნენ – და შესაბამისად, არ შედგა: ჯერ ღირსების აყრა, შემდეგ – დასჯა და ბოლოს – დაცინვა.
მაგრამ ვინც თავს მოუხრის – მაინც გაივლის სამივე ეტაპს: ჯერ – თავს მოახრევინებენ, შემდეგ – დასჯიან და ბოლოს – დასცინებენ.
ერთი განსხვავებით, ღირსებას სხვა ვერ აგყრის, თავად უნდა დაკარგო.
ამიტომ ვუყურებ ასეთ პირობებში არჩევნებში მონაწილეობის იდეასაც სკეპტიკურად, რადგან ჩაგითრევს და ბოლოს მაინც დაგცინებს.
იმიტომ არა, რომ ვინმე ბოროტია და ამით ერთობა – უბრალოდ ასე მყარდება ავტორიტარიზმი, დიქტატურა.
“სადო-მაზოხისტური” დამოკიდებულება (ე. ფრომი) – “თავ-მჯდომარესა” და “ქვე-შევრდომს” შორის.
საკნის მაყურებელსა და მის მიერ გაფუჭებულ თანამესაკნეებს შორის.
ამიტომ აქვთ წაშლილი სახეები თავად რეჟიმის წარმომადგენლებს; ამიტომ იყო დღეს ბიზნესი შეხვედრაზე ამდენად უტყვი.
მაშინ, როდესაც ორი მათგანი ციხეში ზის უსამართლოდ – არავინ იკითხა: რატომ? რატომ არის აუცილებელი, რომ ხდებოდეს ასე და არა სხვანაირად?
მოვიმარჯვოთ ღირსება – მშვიდად, მტკიცედ და თანმიმდევრულად.
და გავიტანოთ ბოლომდე ჩვენი ადამიანობა.
დავაბრუნოთ ლაღი, თავისუფალი სახეები ოჯახებში, ქუჩებში, სამსახურებში, შეხვედრებზე.
გავიმარჯვოთ საკნის მენტალიტეტზე, რომ ქვეყანა არ გადააქციონ ციხედ!