რუსეთიდან უკრაინაში დაბრუნდა უკრაინელი სამხედრო ტყვეების კიდევ ერთი ჯგუფი. უკრაინის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ტყვეთა საკითხებზე მუშაობს, გათავისუფლებულთა რიცხვს არ ასახელებს.
შტაბის მიერ დღეს, 4 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დაიბრუნეს უკრაინის დამცველები „დაჭრილებისა და მძიმედ დაავადებულების“ და „25 წელზე უმცროსი ასაკის“ კატეგორიებიდან.
მათ შორის არიან უკრაინის სამხედრო-საზღვაო, სახმელეთო და სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები, ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეები და სამოქალაქო პირებიც.
უკრაინის საკორდინაციო შტაბის ცნობით, ყველაზე უმცროსი 20 წლისაა, უფროსი კი 59-ის. გათავისუფლებულთა შორის არიან მარიუპოლის დამცველებიც. უმრავლესობა ტყვეობაში იყო სამ წელზე მეტხანს.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად დაიბრუნეს სამხედრო ტყვეთა კიდევ ერთი ჯგუფი, უკრაინის მიერ გათავისუფლებულთა რიცხვს არც რუსეთი ასახელებს.
უკრაინა და რუსეთი 2025 წლის მაისსა და ივნისში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების ორი რაუნდის შედეგად შეთანხმდნენ ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე.
ფორუმი
