ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს განუცხადა, რომ პეკინს არ სურს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წააგოს, რადგან შიშობს, რომ ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები მთელ ყურადღებას პეკინზე გადაიტანს, – ინფორმაციას South China Morning Post-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ვანმა უარყო ბრალდება, რომ ჩინეთი ფინანსურად ან სამხედრო თვალსაზრისით მხარს უჭერს რუსეთის საომარ ძალისხმევას და განაცხადა, რომ ეს რომ გაეკეთებინათ, კონფლიქტი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა.
გამოცემის წყაროების მტკიცებით, გეოპოლიტიკური და კომერციული საკითხების ფართო სპექტრზე ოთხსაათიანი მარათონული დებატების დროს ვანმა კალასს რამდენიმე „ისტორიის გაკვეთილი და ლექცია ჩაუტარა“.
შეგახსენებთ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირ-ჩინეთის სტრატეგიული დიალოგის მე-13 შეხვედრა გამართეს.
