მამა დოროთე: რას ამბობს ჩვენი მთავრობის მეთაური, ვინც ჩვენ არ გვაღიარებს, ყველა ციხეში. დააკვირდით, აღიარებას როგორ ითხოვენ და როგორ ძალადობენ იმის გამო, რომ მათ არ აღიარებენ

როგორც ვიცით ჩვენ ისტორიიდან, პირველ საუკუნეებში, მესამე საუკუნის ჩათვლით, ქრისტიანობა იდევნებოდა. და ყველაზე მრავალრიცხოვანი მოწამეები იყვნენ ამ საუკუნეებში. ზოგის სახელი ვიცით, ზოგის კი საერთოდ არ ვიცით, იმდენი მოწამე იყო და იმდენი წამებული. ამას ჰქონდა თავისი მიზეზი.

ძველ სამყაროში როგორც ფარაონები, ასევე რომის იმპერატორები, თავიანთ თავს თვლიდნენ ღმერთებად. ავგუსტუს – წმინდას ნიშნავს, სიტყვა წმინდიდან მოდის. და ქრისტიანობა იყო რელიგია, რომელიც აღიარებდა მხოლოდ ერთ ღმერთს, ქრისტეს, და ამბობდა, რომ სხვა ღმერთი არ არსებობს, ქრისტეა ღმერთი. და ქრისტეს სახელით, რომელიც არის მისი სახელი, როგორც ანგელოზმა თქვა, არის იესო, რაც თარგმანში ნიშნავს მხსნელს. და ქრისტიანები ამბობდნენ, გამომხსნელი, მხსნელი მხოლოდ იესოა. იმპერატორები თვითონ თვლიდნენ მხსნელად თავს და ქრისტიანები არ აღიარებდნენ. ქრისტიანებს რომ ეთქვათ, დიახ, თქვენც ღმერთები ხართ და ქრისტეც ღმერთია, მაშინ არცერთი ქრისტიანი არ იქნებოდა დევნილი, არცერთ ქრისტიანს არ მოკლავდნენ, მაგრამ ეს იქნებოდა სიცრუე და სიცრუეს არ ემსახურებოდა ქრისტიანი არასოდეს.

დააკვირდით, დღევანდელ მოვლენებს. დაინახეთ მსგავსება. რას ამბობს ჩვენი მთავრობის მეთაური, ვინც ჩვენ არ გვაღიარებს, ყველა ციხეში. დააკვირდით, აღიარებას როგორ ითხოვენ და როგორ ძალადობენ იმის გამო, რომ მათ არ აღიარებენ. მსგავსია ეს. ქრისტემ თქვა დღეს, მოდითო ჩემთანო, ყველა დაღლილო და ტვირთით დამძიმებულო. ტვირთი ძველი გაგებით ნიშნავდა კანონების სიმძიმეს, უსამართლო კანონების დადებას ადამიანებზე.

სახარებაში, გახსოვთ, მაცხოვარი ეუბნება ფარისევლებს, სხვებსო ადებთო მძიმე ტვირთს, ერს, რომელი ტვირთის თითით დაძვრაც კი არ გინდათო თქვენ. დააკვირდით, როგორი მკაცრი სამართალი, რომ რამხელა სასჯელები დაადეს ერს, რამხელა გადასახადები დაადეს ერს, თვითონ კი თავიანთ დანაშაულს არა თუ არ იძიებენ, დანაშაულად არ თვლიან. ეს ქრისტიანობის დევნა, ეს ქრისტიანების დევნაა. რატომ? იმიტომ, რომ ქრისტიანი არის ის, ვინც სამართლიანია.

ქრისტემ თქვა, მე ვარ ჭეშმარიტება და ვინც უსამართლობას აღუდგება, მითუმეტეს ქრისტიანულ ერში, ჩვენს ერში, რადგან ჩვენ 80-90% ქრისტიანები ვართ, ის იდევნება, ესე იგი ქრისტიანებს დევნიან. ქრისტიანების დევნა მარტო ქრისტეს აღიარების მოთხოვნა არ მოთხოვნაში არ არის. ქრისტიანობის დევნა არის, როდესაც ჭეშმარიტების გულისთვის ადამიანებს უსამართლოდ დევნი, აღარიბებ. ქრისტემ თქვა, მოდითო ჩემთან, რადგან ჩემი ტვირთი ანუ ის კანონები, რასაც სამართლიანობა გადებთ, მსუბუქი არის. სამართლიანობა და სამართლიანობის მიყოლა მსუბუქია, მიუხედავად იმისა, მის გამო გვსჯიან. და სიმსუბუქეს იძლევა სულისთვის. ამას დააკვირდით კარგად.

როცა სამართლიანობას მისდევ, სული მსუბუქდება, რადგან ეს არის სულის კონსტიტუცია – სამართლიანობა. უსამართლობა არის სულის ჭუჭყი, როგორც ტალახში რომ ჩავარდე ხორციელად, ასეთივე ტალახშია ჩავარდნილი ყველა უსამართლო სულიერად და ის ტალახი აწუხებს, ამძიმებს სულს. ხოლო სული მხოლოდ მაშინ მსუბუქდება, როცა ის სამართალს და სიმართლეს ემსახურება, სამართლიანად განსჯის, სამართლიანად რომ აზროვნებს, ამიტომ მივიდეთ ყველა ქრისტეს სამართალთან და ჩვენი სული დამშვიდდება. შეგვეწიოს უფალი და ღმერმა უშველოს ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა უშველოს ყველა სამართლიან ადამიანს და ღმერთმა სამართლიანობის მზე გამოაჩინოს ჩვენს ქვეყანასა ზედა.