ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „კავკასუს პრაიმ ბილდერსი“ დააფუძნა – BMG
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობა 2025 წლის 24 აპრილს დატოვა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ქარსელაძემ გადადგომიდან ერთ თვეში – 30 მაისს ახალი კომპანია “კავკასუს პრაიმ ბილდერსი” დააფუძნა.
რეესტრის მიხედვით, ქარსელაძე ამ კომპანიის დირექტორის პოსტს იკავებს და მისი 50%-იანი წილის მფლობელია. მისი პარტნიორია ბიზნესმენი დევი დუმბაძე, რომელიც ასევე 50%-ის წილის მფლობელია.
დევი დუმბაძე ასევე არის კომპანიების შპს HABITAT CONSTRUCTIONS-ის, შპს კვანტუმისა და შპს DUDCONSTRUCTION-ისა და შპს დემკოს აქციონერი.
ირაკლი ქარსელაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის თანახმად, მისმა შემოსავალმა გასულ წელს მინისტრის პოსტზე 80 ათასი ლარი შეადგინა. ქარსელაძე დეკლარაციაში უთითებს თბილისში, ეკატერინე ბაღდავაძის ჩიხში 549 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 268 კვადრატული მეტრის სახლს, რომელიც 2017 წელს 100,000 დოლარად შეიძინა, ასევე დანაზოგს 60 ათასი დოლარის ოდენობით.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წლის თებერვალში ირაკლი კობახიძის მთავრობის გადაწყვეტილებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყო და მისი შემადგენლობიდან რეგიონული განვითარების სამინისტრო გამოვიდა. მაშინ ითქვა რომ ამ ახალი უწყების ხელმძღვანელის პოსტს სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ქარსელაძე შეინარჩუნებდა. თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ საკადრო საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, გრიგოლ ლილუაშვილი მინისტრის პოსტს აღარ დაიკავებდა და ახალ უწყებას კახაბერ გულედანი უხელმძღვანელებდა. აპრილში კი ირაკლი ქარსელაძემაც დატოვა თანამდებობა და ამ პოსტზე რევაზ სოხაძე დაინიშნა.
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე ხელმძღვანელობდა.
