ბაქომ რუსეთისგან ავიაკატასტროფის გამოძიება და კომპენსაციები მოითხოვა

ოფიციალურმა ბაქომ რუსეთისგან მოითხოვა გამოიძიოს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის კატასტროფა და დაზარალებულებს გადაუხადოს კომპენსაცია. მოთხოვნა გაჟღერდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეების მიმართ აზერბაიჯანელ სამართალდამცავთა ქმედებები გააპროტესტა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არაზ აზიმოვმა სააგენტო Report-თან საუბარში აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ კატასტროფის სრულფასოვანი გამოძიების შემდეგ.
„აზერბაიჯანი ელოდება რუსეთისგან სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას, დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას, ასევე დაზარალებულების კომპენსაციას. ეს ნაბიჯები გადამწყვეტია ორმხრივ ურთიერთობებში დაგროვებული უარყოფითი განწყობების დაძლევისთვის,“ – აცხადებს აზიმოვი, მის ციტატას ავრცელებს სააგენტო Trend.
28 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, გამოიძიოს ის სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ორი აზერბაიჯანელი – ძმები ჰუსეინ და ზიადდინ საფაროვები – დაიღუპნენ. ბაქოს ექსპერტების შეფასებით, მათი გარდაცვალების მიზეზი ბლაგვი საგნის ჩარტყმა გახდა, ხოლო რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ისინი გულის შეტევით დაიღუპნენ. როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, 2 ივლისს აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი სამინისტროში დაიბარა და გადასცა ნოტა საპროტესტო წერილით, რომელიც ეხებოდა Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის საქმეს. ავიაკატასტროფა 2024 წლის 25 დეკემბერს მოხდა ყაზახეთის ქალაქ აქტაუს აეროპორტთან, სადაც ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა.
30 ივნისს აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Sputnik აზერბაიჯან-ის ოფისი გაჩხრიკეს და ორი თანამშრომელი დააკავეს და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.
აზერბაიჯანის შსს-მ განაცხადა, რომ მათ შირუს ორი პირი დააპატიმრეს, ხოლო ხუთს ედავებიან თაღლითობას, უკანონო მეწარმეობასა და ქონების ლეგალიზაციას. იმავე დღეს სასამართლომ ასევე დააპატიმრა რვა რუსი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ნარკოტრანზიტსა და კიბერდანაშაულებში.
აზერბაიჯანმა ასევე გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის ვიზიტი და რუსულ მხარესთან დაგეგმილი კულტურული პროგრამები.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციითვე, რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, ბაქომ ეკატერინბურგის ინციდენტი გამოიყენა, რომ მოსკოვისთვის დაგროვებული პრეტენზიები გაეჟღერებინა. თუმცა, მათი ვარაუდით, კრიზისი ისევ მორიგი შერიგებით დასრულდება.
ბაქოში მიაჩნიათ, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის კავშირების გაწყვეტა საფრთხეს უქმნის სატრანსპორტო დერეფნის “ჩრდილოეთ-სამხრეთის” განვითარებას და რუსეთის გეგმებს ელექტროენერგიის გადაცემაზე ირანში.