„პური ის ფასი ღირს, რაც უნდა ღირდეს, მეტიც, მსოფლიოში ყველაზე იაფი ჩვენთან არის“
„პური ის ფასი ღირს, რაც უნდა ღირდეს, მეტიც, მსოფლიოში ყველაზე იაფი ჩვენთან არის,“ – ამის შესახებ პურის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ ისაუბრა, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასის შემცირების ტენდენციაა, რამაც შესაძლოა გავლენა საქართველოზეც იქონიოს. ამასთან, მისი პროგნოზით, ხორბლის გაიაფების შემთხვევაში შესაძლოა ფქვილიც გაიაფდეს.
რაც შეეხება პურის ფასს, როგორც მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ფქვილის გაიაფება პურის გაიაფებას ვერ გამოიწვევს, რადგან პურის წარმოებას მთელი რიგი ხარჯები აქვს.
„ფქვილის გაიაფება წარმოებას მისცემს იმის საშუალებას, რომ უფრო რენტაბელური იყოს. 5 თეთრზეა ლაპარაკი და ამ პირობებში პურის გაიაფება ვერ მოხერხდება, რადგან წარმოებას თან სდევს უამრავი ხარჯი.
ნორმალური ხორბლის ფასი დღეს 90 თეთრია. ვთქვათ, დააკლეს 5 თეთრი და გახდა 85 თეთრი. 20 თეთრი მინიმუმ სჭირდება წარმოებას – გაზი, მუშახელის ხელფასი, ტრანსპორტირება, ვაჭრობის ხარჯი – პური 1.20 ლარი ღირს და ამაზე მეტად როგორ ჩამოვა ფასი?! ამის უკან არის ჯარიმები, მაღაზიებს ღამის მიღება არ აქვთ, საცობების გამო გაზრდილია საწვავის ხარჯები,“ – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
მისი თქმით, ხორბლის მოსავალი, რომლის დიდი იმედიც მას ჰქონდა, კვლავ საფურაჟე იქნება და ეს საკმაოდ ცუდია.
„ახლა ალოობის პერიოდია და ხორბლის დიდი ნაწილი საფურაჟე იქნება. სწორედ ამიტომ იაფდება ხორბალი, თორემ კარგს ვინ გააიაფებს?“ – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
