პარლამენტის მიერ 2025 წლის განმავლობაში მიღებული თითქმის ყველა კანონი რეპრესიებისკენ არის მიმართული – ძალიან რთულია ეს რეპრესიები სამართლებრივად შეაფასო, რადგან ყველაფერი გაცდენილია სამართლის ფარგლებს! – აღნიშნული შეფასება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით IDFI-ის იურისტმა გიორგი დავითურმა გააკეთა.
როგორც დავითურმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბელარუსშიც კი არ მოქმედებს იმდაგვარი კანონი, რომელიც ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მეორე მოსმენის ფარგლებში დაემატა. დავითურის განმარტებით, ოჯახის წევრსაც კი ეკრძალება იმ ადამიანის დახმარება, რომელიც ციხეში ფინანსური დანაშაული გამო მოხდა და სასჯელი მოიხადა.
“როგორც ვიცი, ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით მიახლოებული კანონი ბელარუსში არის, რომელიც ვიღაცისგან ფულის ამოღებას ითვალისწინებს და ასეთი ადამიანის მიერ ქვეყნის დატოვების აკრძალვას ეხება, მაგრამ ის, რაც კანონპროექტს დაემატა, როცა ასეთი ადამიანების დახმარება იკრძალება, არსად არ მინახავს, მათ შორის არც ბელარუსში.
მოცემულ შემთხვევაში შეიძლება არსებობს ბიძინა ივანიშვილის შიდაუთანხმოებები, თუ ვის რამდენი ფული აქვს წაღებული და წამოღებული, არის რაღაც გაუგებრობები, მაგრამ ცვლილებების შინაარსი ისეთია, რომ სამართლის ძირითადი პრინციპები უგულებელყოფილია.
სასჯელმოხდილი ადამიანი ციხიდან გამოდის და ამ ადამიანის დახმარება იკრძალება. ოჯახის წევრიც რომ დაეხმაროს, ისიც კი დანაშაულად შეიძლება გამოცხადდეს. ამ ადამიანს 500 ლარზე მეტი შემოსავალი ვერ ექნება და ვინმემ, მაგალითად, მშობელმა 500 ლარზე მეტი რომ მისცეს, ეს ცალკე დანაშაული იქნება.
ცვლილების შინაარსი ისეთია, რომ სამართლის ძირითად პრინციპებს უარყოფს და უგულებელოფს“, – განაცხადა გიორგი დავითურმა.
დავითურის თქმით, არავინ უნდა იფიქროს, რომ სხვადასხვა კანონში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებები მხოლოდ პროტესტის მონაწილეებს ან იმათ ეხება, ვინც “ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ წინააღმდეგობაშია. მისი თქმით, ცვლილებები ფართომასშტაბიანია და მთელს საზოგადოებას ფარავს.
“სასამართლო სხდომების ფოტო-ვიდეო ვიზუალური ინფორმაციით მიმდინარე პროცესების შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. გავიგეთ, რომ მოწმე ბრალდებულს ვერ ცნობს; ამბობს, რომ ესა და ეს პირი დააკავა და ამ დროს მის მიერ დასახელებული პირი პროცესზე საერთოდ არ იმყოფება. არის შეუთავსებლობა მოწმეთა ჩვენებებს შორის და ბევრი სხვა მძიმე ფაქტი. ჟურნალისტის მიერ ამის მოთხრობა ერთია, მაგრამ როცა ამის ვიდეო-ვიზუალიზაცია ხდება, არის მეორე. სინამდვილეში “ქართულმა ოცნებამ“ ამის დოკუმენტირება და საზოგადოებისთვის ოპერატიულად მიტანა აკრძალა.
ხელისუფლების მიზანია სასამართლო პროცესებიდან საზოგადოების დისტანცირება – საზოგადოებამ უსამართლობის სიმძიმე ვერ უნდა დაინახოს! მოსამართლეს ფორმალურადაც არ დაუტოვეს იმის შესაძლებლობა, რომ თავად გადაეწყვიტა, დაეშვა თუ არა მედია პროცესებზე გადასაღებად. ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაიტანეს, რაც დადასტურებაა, რომ საკითხს საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებით უყურებენ და არა რაიმე ლეგიტიმური მიზნებისათვის“, – განაცხადა დავითურმა.
რაც შეეხება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებულ ბოლო ცვლილებას, დავითურის თქმით, იციან რა, რომ ადამიანებს ფინანსური ჯარიმები არ აშინებს, გადაწყვიტეს, ეს ადამიანები ციხეში ფიზიკურად გამოკეტონ.
“ერთის მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საქმისწარმოების პროცესის მოხსნა და მთელი ტვირთვის სასამართლოში გადატანა. შს სამინისტრო ამ ტვირთისგან გათავისუფლდება, მაგრამ სასამართლოები დაიტვირთება.
5 000 ლარიანი ჯარიმა საქართველოში საარსებო მინიმუმს დაახლოებით 20-ჯერ აღემატება. თუ მოქალაქეებს იმის საშუალება ჰქონდათ, რომ რეპრესიული ჯარიმების გადასახდელად მეტ-ნაკლებად თანხის მობილიზაცია გაეკეთებინათ, დაეზოგათ და ჯარიმები შემდეგ გადაეხადათ, რადგან გამამართლებელი შემთხვევები თითქმის არ არსებობს, ახალი კანონით ამისთვის დროს უმცირებენ – ერთი რგოლი შსს მოაკლდება და გასაჩივრება მოქმედებას აღარ გააჩერებს. ეს იმას ნიშნავს, რომ რა გადაწყვეტილებასაც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიღებს, პირდაპირ ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში. ძალიან რთულია ეს რეპრესიები სამართლებრივად შეაფასო, რადგან ჩემი შეფასებით, ყველაფერი გაცდენილია სამართლის ფარგლებს. უნდა ითქვას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან აშკარად წინააღმდეგობაშია.
რაც შეეხება მატერიალურ ნაწილს, მძიმდება ე.წ. პასუხისმგებლობა. ეს ალბათ, უფრო მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც რუსთაველზე დგანან უფრო მეტი სიხშირით, რაც იმას ნიშნავს, რომ იციან, ადამიანებს ჯარიმები ვერ შეაშინებს და მიზანია, რომ ეს ადამიანები ციხეში ფიზიკურად გამოკეტონ.
აშკარაა, რომ სამართალდამცავი სექტორიც და უსაფრთხოების სექტორიც დიდი რესურსებით არის ჩართული. პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობას რომ გადახედოთ, თითქმის ყველა კანონი და კანონმდებლობა 2025 წლის განმავლობაში რეპრესიებისკენ არის მიმართული.
“ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია მაქსიმალურად და ეფექტიანად გამოიყენოს სახელმწიფო რესურსები საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ჩასახშობად, საკუთარი პარტიული ამოცანების მისაღწევად. ეს არის კიდევ ერთი მუქარა იმ ადამიანების მიმართ. უკანონო დაკავება, დაკავებული ადამიანის ცემა და წამება არაერთხელ გვინახავს, მაგრამ ამ ცვლილებებით ადამიანს ეუბნებიან, რომ შენ დასაკავებელი არა ხარ და პატიმრობა შესაფარდებელი არ გაქვს, მაგრამ რაკი შენზე ფულადი სანქცია არ მუშაობს, ახლა ავდგები და ფიზიკურად დაგაკავებ“, – გიორგი დავითურმა.
