უკრაინული კამიკაძე დრონები დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ ხარციზკში არსებულ რუსეთის არმიის საბრძოლო მასალის დიდ საწყობს დაესხნენ თავს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ განადგურებულია, თერმობარიული რეაქტიული რაკეტებისა და ფუგასური ავიაბომბების მნიშვნელოვანი მარაგი.
ძლიერი აფეთქება წუხელ ღამის საათებში მოხდა. თვითმხილველები ვიდეოებს ავრცელებენ.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება რომ 1 ივლისს უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა იჟევსკში მდებარე კუპოლის სამხედრო ქარხანამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში დრონების წარმოებასთან დაკავშირებული ოთხი საამქრო დაზიანდა. დაზიანებულ ქარხნებს შორისაა საამქროები, რომლებიც ლითონის დამუშავებას, მიკროსქემების შედუღებას და მზა უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას ახორციელებენ.
Astra-ს ცნობით, საწარმოში დრონების წარმოების ზოგიერთი საამქრო 24 საათის განმავლობაში მუშაობდა.
გუშინ ღამით უპილოტო საფრენი აპარატები გამოჩნდნენ რუსეთის ქალაქ ლიპეცკში. ადგილობრივების ინფორმაციით, დრონები ლიპეცკ-2 აეროდრომის მიმართულებით დაფრინავდნენ.