პენტაგონი – აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დახია

პენტაგონმა შეაგროვა სადაზვერვო მასალა, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვულმა პროგრამამ დაახლოებით ერთი-ორი წლით უკან დაიხია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა, შონ პარნელმა განაცხადა.
„ჩვენ მათი პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დავხიეთ. ყოველ შემთხვევაში, დეპარტამენტის შიგნით არსებული სადაზვერვო შეფასებების თანახმად“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა.
შონ პარნელმა, გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა, თუმცა არ წარმოადგინა დამატებითი დეტალები შეფასებების წარმოშობის შესახებ, გარდა იმისა, რომ განაცხადა, რომ ისინი თავდაცვის დეპარტამენტიდან მოდის.
შეგახსენებთ, აშშ-ის სამხედრო ბომბდამშენებმა 22 ივნისს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც ბუნკერების გამანადგურებელი 13 600 კგ-იანი ბომბები და Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს.