ელგუჯა ხოკრიშვილი გახარიას პარტიაზე – რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო – კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის ამ არჩევნებში მონაწილეობის

2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მივიღე პარტია „საქართველოსთვის“ სიით. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კატეგორიულად წინააღმდეგია, რომელიმე ოპოზიციური პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის.
“ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ შედეგს ამ პროცესში ჩართვით, გარდა რეჟიმის ნორმალიზაციისა.
ერთადერთი გზა ამ ტიპის რეჟიმის იზოლირებისთვის არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება, შიდა და გარე ზეწოლა, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური დელეგიტიმაცია.
ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უკვე მასობრივ ფაზაში გადავიდა. ოპოზიციური ლიდერების დაჭერები, მედიის ტერორი და სამოქალაქო აქტივისტების დევნა რუსული წესრიგის ანალოგი გახდა.
რუსეთის გავლენა საქართველოში აღარ არის ფარული. ის აშკარად იგრძნობა კანონებში, რეპრესიებში, პროპაგანდაში და საერთაშორისო ურთიერთობების სრულ კრახში.
ამ პირობებში არავის აქვს უფლება კომფორტის ზონაში დარჩეს. ქვეყანას გეოპოლიტიკურად იწოვს, პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეშია. ეს არის ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევანის დასაცავად.
ამ ბრძოლაში ნეიტრალიტეტი უკვე პოზიციაა. თუ სისტემა არ ჩამოიშლება, არც ერთ პოლიტიკურ ქმედებას, მათ შორის ფსევდო არჩევნებში მონაწილეობას, არ აქვს აზრი.
ბრძოლა ბოლომდე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვისაც რა შეგვიძლია, ვის ქვეყნის შიგნით და ვის ქვეყნის გარეთ, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლამდე”, – წერს ხოკრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება