ლევან ხაბეიშვილი – ჩორჩანაზე კი არ არის საუბარი, საუბარი არის, რომ გახარიას დაჭერა უნდათ – თემა არის: „ჩვენ ახლა შენ უნდა დაგიჭიროთ, დაგამციროთ ან ვიღაცას ვანახოთ, როგორ „გებლატავებით”

ძალიან მძიმე საყურებელია, ეს არის კლასიკა, როგორი არის ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპი – ერთმანეთის დასმენა, დაბეზღება, არადა ხალხი, რომელიც ახლა ამას აკეთებს, გიორგი გახარიას პირობებში მთავრობის წევრები იყვნენ – ან მისი მოადგილე იყო, მასზე დაქვემდებარებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროში ან მისი ხელქვეითები იყვნენ მთავრობაში ან პარლამენტის ის წევრები იყვნენ, რომლებიც არათუ მხარს უჭერდნენ, არამედ ხელები ჰქონდათ გადატყავებული გახარიაზე ტაშის დაკვრით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი გიორგი გახარია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დისტანციურად გამოიკითხა.
მისი შეფასებით, ვახტანგ გომელაურიც და ალექსანდრე ტაბატაძეც ჩვენებას ისე მისცემდნენ, ვერავინ გაიგებდა, თუმცა ეს სპეციალურად გაასაჯაროვეს, რადგან, როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს სურს, ყველას დაანახოს, ერთმანეთს როგორ აბეზღებენ.
„ეს ძალიან მძიმე საყურებელია, მართლა, ჩემთვის, იგივე გომელაური და ტაბატაძე ზის იქ, ჯერ ერთი, გენერლის წოდება საერთოდ რატომ აქვს, საერთოდ არ ვიცი, მაგრამ აი, გენერლები რომ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა პროკურატურაში და მონაწილეობას რომ აღებინებს ამ დასმენაში, ტრაგიკული სანახავია. ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთა, გომელაურიც ისე მივიდოდა პროკურატურაში და ტაბატაძეც ჩვენებას ისე მისცემდა, რომ ვერავინ გაიგებდა, მაგრამ მედიას გააგებინეს, გაასაჯაროვეს, თქვეს, რომ ეს ხალხი ერთმანეთის დასაბეზღებლად დაჰყავს, ანუ ასეთი სისტემა ააწყო ბიძინა ივანიშვილმა, რომ ხვალ რომ დასჭირდეს, ახლა ღარიბაშვილს რამდენი დააბეზღებს, თქვენ ეგ თქვით.
მართლა წარმოუდგენელია, რასაც ვუყურებთ, ერთმანეთს როგორ ჭამენ. გახარია მისსავე ხელისუფლების პირობებში არის დევნილი.
ასეთი რამ მართლა გაუგებარია. დროს რაში ხარჯავენ, 2-3 საათი, ბოდიში ჟარგონზე და, „ტლიკინებენ“ აბსოლუტურად უსაგნო თემებზე. ჩორჩანაზე კი არ არის საუბარი, საუბარი არის, რომ გახარიას დაჭერა უნდათ. საგნობრივად ხომ არაფერს განიხილავენ, თემა არის, „ჩვენ ახლა შენ უნდა დაგიჭიროთ, დაგამციროთ ან ვიღაცას ვანახოთ, როგორ „გებლატავებით”. რეალობაში, ხალხს უკიდურესი პრობლემები აქვს.
გახარიასთან დაკავშირებით არ მინდა ბევრი რამე ვთქვა, მაგრამ რა არის იცით? ადამიანს როგორ წინ დახვდება ხოლმე… ამბობდა, აბა მიშა თუ მაგარია, ჩამოვიდეს, ჩაჯდესო და ამასობაში, გიორგი, ხომ ხედავ, შენმა მთავრობამ, შენს ფეხქვეშ რომ ეგებოდნენ, ალუდა ღუდუშაურისთვის ათი რომ გეთქვა, ერთს არ შემოგბედავდა და ახლა ერთი არ გაქვს ნათქვამი, თხუთმეტი გითხრა – ამისთანა ხალხმა გააქცია ქვეყნიდან”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს აქტივები გაუყინეს, ის ახლა ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ცდილობს „მოპარული თანხის ამოღებას”.
„რომ დასჭირდა ბიძინას, მოსთხოვა ღარიბაშვილს კონკრეტული თანხა, არ მიიტანეს ეს თანხა და მისი ერთი “ჯიბე” დააკავეს მიქაუტაძის სახით. ღარიბაშვილსა და ჯუანშერ ბურჭულაძეს დასაჭერად აქვთ საქმე, მეეჭვება, რომ ღარიბაშვილი გადაურჩეს დაკავებას.
ბიძინა ივანიშვილი გრიგოლ ლილუაშვილს ქვეყნიდან არ უშვებს, თურქეთში უნდოდა გადასვლა და ვერ გადადის ეს კაცი. თუ ასე არ არის, გამოვიდეს და ილაპარაკოს, მაგრამ საჯაროდ საუბარიც აკრძალული აქვს.
სერიოზული პრობლემები აქვს, მათ შორის, იმ ბიზნესთან, ვინც დიდი ფული იშოვა და ყველას იბარებს. ბიძინას 4 მილიარდის პრობლემა აქვს მინიმუმ. სანქციების შემდეგ ამ ადამიანს სხვადასხვა აქტივი გაჩერებული აქვს, ამიტომ ეს კაცი გიჟივით ეძებს “ქეშს”. მიადგა რიჟვაძეს და ამაზე რომ ვთქვით, ორ დღეში მოხსნეს ეს კაცი, მისი კადრები, მისი მამა, ყველანი დაფერთხეს იმიტომ, რომ ბიძინამ მოსთხოვა, უთხრა, 300 მილიონი რომ მოიპარე, ჩემთან უნდა მოვიდესო, ამან არა უთხრა, ამიტომ სხვა ზომებს მიმართეს. რომ მიხვდა, მიქაუტაძესავით დაიჭერდნენ, გრაფიკი ითხოვა და გადანაწილება გაკეთებული აქვს, ნელ-ნელა მიაქვს ეს თანხა. ქვეყნიდან ვერც ეს გადის”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.