თენგიზ შარმანაშვილი გიორგი გახარიას – ან დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ან კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ – არ გიჩივლებ, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ

თქვენ სერიოზული მატყუარა ადამიანი ბრძანდებით და უპასუხისმგებლო. პროვინციული გაგების სერიოზული მატყუარა, მეტი არაფერი, – ასე მიმართა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ყოფილ შსს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც ე.წ. ჩორჩანას საკითხთან დავშვრებითო კომისიას დისტანციურად ერთვება.
თენგიზ შარმანაშვილსა და გიორგი გახარიას შორის კამათი გიორგი გახარიას რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც თენგიზ შარმანაშვილს „პუტჩისტი“ უწოდა.
„ან მაგას დაადასტურებთ, რომ ეროვნული მთავრობის დამხობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული ანდა კიდევ ერთი „ტოპმატყუარა“ ხართ. არ გიჩივლებ, ახლა კიდევ მადევნინეთ თქვენი თავი, იტალიაში გაიქცევით ან სადმე, სად გდიოთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
გიორგი გახარიამ თენგიზ შარმანაშვილს შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „მიშასთან ძმაკაცობით რომ ამაყობდით ეგეც ტყუილია?“
შარმანაშვილის თქმით, ის უბრალოდ სააკაშვილთან ერთად პარლამენტის წევრი იყო, ხოლო გიორგი გახარია კი „ახლა ძმაკაცობს მიშასთან“.
„მიშასთან კი არ ვძმაკაცობდი, ერთ კომიტეტში ვმუშაობდი წლების განმავლობაში. მერე რა? პარლამენტის წევრები ვიყავით და გვქონდა ურთიერთობა, რა მერე? მაშინ მიშა დეპუტატი იყო, მეტი არაფერი და შენ ახლა ძმაკაცობ მიშასთან. ჩვეულებრივი იაფფასიანი ტიპი ხართ და არ ვიცი რა უნდა გელაპარაკოთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, გიორგი გახარიას „შინაარსის გაგების“ პრობლემა აქვს.
„საქართველო გავიდა 72 ადგილზე წაკითხულის შინაარსის გაგებითო, რაღაც გამოკითხვა იყო და თუ თქვენ გამოგკითხეს ალბათ იმიტომ გვაქვს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამდენი რამ ვილაპარაკეთ თქვენს საწინააღმდეგოდ და აქეთ მომიტრიალეთ სრულად ულოგიკოდ, ეს თქვენი სტილია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.