მარია ზახაროვა – თუ ჩვენი მოქალაქეები აზერბაიჯანში იმყოფებიან, ან მოგზაურობას გეგმავენ, ქვეყანაში არსებული ვითარება კარგად უნდა გაითვალისწინონ

რუსეთი მოუწოდებს აზერბაიჯანს, მიიღოს ზომები ქვეყნების ურთიერთობების სტრატეგიული ალიანსის დონეზე დასაბრუნებლად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ აზერბაიჯანულ მხარეს, მიიღოს ზომები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების იმ დონემდე დასაბრუნებლად, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებშია ფორმულირებული. შეგახსენებთ, რომ ეს არის სტრატეგიული მოკავშირეობის დონე“, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტისას რუსებმა ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა გაითვალისწინონ.
„მათ, ვინც გვისვამს კითხვებს იმის შესახებ, უნდა დაგეგმონ თუ არა მოგზაურობები, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოიქცნენ იმის პირობებში, რასაც აჩვენებენ, მათ შორის აზერბაიჯანული ტელევიზიებით და რასაც ავრცელებენ ამ ქვეყნის საინფორმაციო სააგენტოები, რა თქმა უნდა, თუ ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან აზერბაიჯანში, თუ ისინი მოგზაურობას გეგმავენ, მაშინ მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ არსებული ვითარება“, – განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. 30 ივნისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სააგენტო „სპუტნიკ-აზერბაიჯანიდან“ შვიდი ადამიანი დააკავა, მათ შორის რედაქტორი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი.