სტამბოლში, პატიმრობაში მყოფი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ აქციაზე, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეონდა, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
ცნობისთვის, თურქეთის პოლიციამ სტამბოლის მერი და ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ 2025 წლის 19 მარტს დააკავა და მოგვიანებით, 23 მარტს, იმამოღლუს, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და მერის თანამდებობასაც ჩამოაშორეს. მის დაკავებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ თურქეთის პოლიციამ ქალაქ იზმირში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოპოზიციის ცნობილი დასაყრდენია, მერიის 120-ზე მეტი თანამშრომელი დააკავა. კორუფციის ბრალდებით დაკავებულებს შორის არიან ყოფილი მერი და ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ რეგიონალური პრეზიდენტი.
