ლაშა ფარულავა – ფული გადამალული აქვთ ოფშორებში, ბრიტანეთის სანქციები იქნება დამოკლეს მახვილი, ნანგრევებში მთლიანად “ქართული ოცნება” მოყვება – ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე დროება დგება

საქართველოში არის ოლიგარქია, ოლიგარქია ფულს ინახავს ოფშორებში, ოფშორებში არის ბრიტანული კანონმდებლობა და სანქციები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა, იყო მსუსხავი ეფექტის და სანქციები, რომლებსაც განიხილავს დიდი ბრიტანეთი, იქნება დამანგრეველი ძალით ოლიგარქიისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ფარულავამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა.
მისი თქმით, ვინც აქამდე ფული იშოვა “ქართულ ოცნებაში”, ბიძინა ივანიშვილი ახლა უკან ართმევს, რადგან სანქციების გამო მას რთული პერიოდი უდგას.
“ძალიან ეშინიათ დიდი ბრიტანეთის, ეს არის რეალობა, ამიტომ ჩვენ თუ აქამდე ვუყურებდით პროცესს, რომელზეც იძახდნენ, მერე რა, გადავიტანთ ამ სანქციებსო, ახლა ამას ვეღარ იტყვიან იმიტომ, რომ მათ ფული გადამალული აქვთ ოფშორებში, ამ ოფშორებში ბრიტანეთის სამართალი მუშაობს, ეს სამართალი იქნება მათთვის დამოკლეს მახვილი და ეს მახვილი მათ თავზე ჰკიდია, ძალიან კარგად დაინახავენ შედეგებს. დამანგრეველი ძალის იქნება ეს სანქციები და ამ ნანგრევებში მთლიანად “ქართული ოცნება” მოჰყვება იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” თუ რამეზე დგას, დგას ფულზე, რუსეთი არის მათი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა, თუმცა ძალაუფლების მთავარი წყარო არის ფული, ხალხი არ აინტერესებთ.
ბიძინა ივანიშვილს მივლენილი ჰყავს ბუღალტერი, რომელიც დადის და ვინც ფული იშოვა “ქართულ ოცნებაში”, პირდაპირ ეუბნება, მე რომ კარგად ვცხოვრობდი, თქვენც კარგად ცხოვრობდით, მაგრამ მე ახლა ცუდად ვიცხოვრებ იმიტომ, რომ იზოლაციაში ვარ, საერთაშორისო სანქციები მადევს და ამიტომ, ყველას მოუწევს ფულის გადახდა – აი, ეს პროცესია ახლა “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა ფარულავამ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რეგიონში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა კავკასიიდან რუსეთის გაძევების პროცესი მიდის, ბიძინა ივანიშვილს კი მოუწევს, აირჩიოს მხარე.
“როგორ გაიზარდა ყირგიზეთთან რეექსპორტი, ხომ სიგიჟეა, საქართველოსი მოდის ტვირთი, დანიშნულება იწერება ყირგიზეთი და ყირგიზეთში აღარ მიდის, რუსეთში რჩება, საქართველო კი არის შავი ხვრელი.
ახლა რა ხდება ჩვენ რეგიონში, თუ ვლაპარაკობთ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, რეგიონული თვალსაზრისით უნდა შევხედოთ პროცესს – ფაქტობრივად, კავკასიიდან მიდის რუსეთის განდევნა – სომხეთში ვხედავთ ამ პროცესს, აზერბაიჯანში ვხედავთ, რომ “სპუტნიკის” თანამშრომლები (დააკავეს), რომლებიც რეალურად თანამშრომლები კი არა, აგენტები იყვნენ და ის, რაც მოხდა ეკატერინბურგში, ამით პასუხი გასცა ალიევმა, ამიტომ ივანიშვილს, რომელსაც ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, მათ შორის, ალიევთანაც, ერდოღანთანაც, სომხეთთანაც, მოუწევს, მხარის არჩევა ანუ ვეღარ იქნება ალიევის მეგობარიც და პუტინის მეგობარიც, მისთვის ძალიან მძიმე დროება დგება.
ევროპიდან რაციონალურ მოსაზრებებს რომ ისმენენ ხოლმე, ზარქუას რაში აინტერესებს, საფრანგეთში ვინ რას იტყვის ან დიდ ბრიტანეთში, მისთვის მთავარია, რას იტყვის ივანიშვილი. არც მოსკოვი არ აინტერესებს, მისი პატრონი არის ივანიშვილი და როგორც ყმა ბატონს, ისე ელაპარაკება, აწონებს თავს და ლანძღავს გერმანელ დიპლომატებს. ეს არის ივანიშვილის ველური, პროვინციული პოლიტიკა”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.