მას შემდეგ, რაც ბაქოში აზერბაიჯანის პოლიციამ რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული მედიასაშუალება „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა და „ეფესბეს ორი აგენტი“ დააკავა, რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
ელჩი რაჰმან მუსტაფაევი სამშაბათს, პირველ ივლისს მივიდა საგარეო უწყებაში და შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებისათვის არ უპასუხია.
ელჩს სამინისტროში პროტესტი გამოუცხადეს „ბაქოს არამეგობრული ნაბიჯების გამო“ და ფორმალურად გადასცეს „ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნა“.
· წინა დღეს, 30 ივნისს ბაქოში პოლიციამ რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაარსებული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა.
· ოპერაციის შედეგად დააკავეს „ეფესბეს ორი აგენტი“, რომლებიც, როგორც ირწმუნებიან, „ფარულად მუშაობდნენ“ სააგენტოს ადგილობრივ რედაქციაში. „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ რუსეთის სახელმწიფო მედიაჯგუფის „Россия сегодня”-ს ნაწილია.
· დაკავებულებს შორისაა, რედაქციის მმართველი იგორ კარტავიხი და უფროსი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. „Sputnik”-ის ცენტრალურმა სამსახურმა მათ მიმართ ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა.
· რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია ზახაროვამ შეშფოთება გამოხატა. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ „ჟურნალისტების დაკავება სრულიად შეუსაბამოა [რუსეთ-აზერბაიჯანის] ორმხრივ ურთიერთობებთან“.
სპეცოპერაცია მოჰყვა წინა კვირას, 27 ივნისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რეიდებისას აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი პირის დაკავებას. ორი მათგანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
დღეს, პირველ ივლისსვე, აზერბაიჯანის პროსამთავრობო მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა „ორი კრიმინალური დაჯგუფება“, როემლიც რუსეთის მოქალაქეების მიერ იყო დაკომპლექტებული. მათ ბრალად ედებათ „ტრეფიკინგი და ირანიდან ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანა, ასევე კიბერდანაშაული“.
ამასთან, მიხაილ შვიდკოიმ, – პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, – განაცხადა, რომ მოსკოვმა გააუქმა აზერბაიჯანში დაგეგმილი ღონისძიება, სადაც რუსულს კომპანიებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
პასუხად აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აიჰან ხადიჯაზამ პასუხად განაცხადა:
„რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მათი ეთნიკური იდენტობის საფუძველზე ჩადენილმა დემონსტრაციულმა და განზრახულმა მკვლელობებმა და ძალადობამ სამართლიანად გამოიწვია აზერბაიჯანის მხრიდან მკაცრი პროტესტი და დაგმობა“.
მანამდე, 30 ივნისს, – აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ყველა ერთობლივი კულტურული ღონისძიება გაუქმდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში დაკავების ოპერაცია უკავშირდებოდა 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილი მკვლელობების საქმეებს.
ფორუმი
