რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის და საქართველოს ე.წ. „3+3“ ფორმატისადმი მიერთებისთვის. თავის მხრივ, ამ ფორმატს რუსეთი წარმოაჩენს, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტს რეგიონში. ამის შესახებ კომენტარები გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დიმიტრი მასიუკმა და გაიმეორა რუსული პროპაგანდის ცნობილი შეთქმულების თეორია, რომ „საქართველო დასავლეთის შანტაჟის ქვეშაა“.
„დარწმუნებულები ვართ, რომ „3+3“ ფორმატში მისი ყველა წევრის მონაწილეობა წარმატებისა და მთელი რეგიონის აყვავების გარანტია. აქ იგულისხმება, მათ შორის, საქართველოც, რომლისთვისაც კარი ღია გვაქვს“, — განაცხადა მასიუკმა.
რუსი დიპლომატის თქმით, საქართველოს დასავლეთის ქვეყნები „აშანტაჟებენ“ და „სისხლიან ავანტიურებში“ ჩაბმას სთხოვენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ. თუმცა ის ამბობს, რომ „საქართველო უარს არ ამბობს საგარეო პოლიტიკაში მრავალვექტორულობაზე“.
მასიუკი ამბობს, რომ რუსეთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როცა ქართული საქონლისთვის რუსეთის ბაზარზე მოხვედრა გაამარტივა, აღდგა საჰაერო მიმოსვლა და გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი. მისი თქმით, რუსეთი მზადაა უფრო შორსაც წავიდეს და საქართველო „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სტრატეგიულ სატრანსპორტო კორიდორს მიუერთოს.
„ჩრდილოეთი-სამხრეთი“ სატრანსპორტო კორიდორია, რომელმაც რუსეთი ინდოეთთან, ირანთან და მათ მეზობელ ქვეყნებთან უნდა დააკავშიროს. საზღვაო კორიდორთან შედარებით, რუსეთს ეს თითქმის ორჯერ უმოკლებს დამაკავშირებელ გზას სამიზნე ქვეყნებთან და მნიშვნელოვნად უიაფებს გადაზიდვებს.
„3+3“ ფორმატი მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და მათ სამ დიდ მეზობელს (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შორის თანამშრომლობას.
„3+3“ ფორმატის ფარგლებში ჩატარებულია სამი შეხვედრა: მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში, თეირანში 2023 წლის ოქტომბერში, სტამბულში 2024 წლის ოქტომბერში. საქართველოს ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია. ფორმატის შექმნის შესახებ იდეა აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებს, ალიევსა და ერდოღანს ეკუთვნით, რაც ძალიან სწრაფადვე მოიწონეს რუსეთმა და ირანმა. მოგვიანებით მათ შეუერთდა სომხეთიც.
„3+3“ ფორმატში საქართველოს მონაწილეობაზე თებერვალში გააკეთა კომენტარი „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, როცა მორიგჯერ გაიჟღერა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ფორმატში მიპატიჟებამ. ვოლსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „3+3 ფორმატში“ ჩართვა საქართველოსთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად გამართლებული არ არის, თუმცა სამომავლო პერსპექტივაში არც ამ რეალობის შეცვლა გამორიცხა.
