აზერბაიჯანელი სამართალდამცველები 30 ივნისს რუსული გამოცემა „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში შევიდნენ. ჩხრეკას მოჰყვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და შვიდი ადამიანის დაკავება. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ავრცელებს.
„სპუტნიკ აზერბაიჯანი“ რუსული პროპაგანდისტული მედიაჰოლდინგის, „რაშა თუდეის“ შემადგენლობაში შედის. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანმა ჩხრეკის შემდეგ აღძრა, გამოძიება თაღლითობის, სამეწარმეო საქმიანობის უკანონოდ განხორციელების, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების დაკანონების მუხლებით მიმდინარეობს.
ერთი დღით ადე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში ორი ადამიანი აიყვანეს. აზერბაიჯანულ მედიაში დაკავებულებს „ეფესბეს“ აგენტებად მოიხსენიებენ. თავად „სპუტნიკ აზერბაიჯანმა“ განაცხადა, რომ დაკავებულები სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი არიან. რუსულ პროპაგანდისტულ სააგენტოს აზერბაიჯანში მუშაობისთვის აკრედიტაცია ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში ჩამოერთვა.
გავრცელდა ასევე ინფორმაცია ვიდეოსააგენტო Ruptly-ს ჟურნალისტის, აიტეკინ ჰუსეინოვას დაკავების შესახებ, რომელიც „სპუტნიკ აზერბაიჯანში“ მიმდინარე ჩხრეკას იღებდა.
პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა პირველი ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმედი აქვს, აზერბაიჯანი ჟურნალისტებს გაათავისუფლებს.
„მსგავსი ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების მიმართ აბსოლუტურად არ შეესაბამება საზოგადოდ მიღებულ წესებს, ნორმებს და რა თქმა უნდა, არ შეეფერება რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ხასიათს“, — განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიება და რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს. საქმე ეხება რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კი, ეკატერინბურგში რუს ძალოვანთა მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას აზერბაიჯანელი მოქალაქეების დაღუპვასა და დაშავებას. სპეცოპერაციისას ორი ადამიანი, ძმები ჰუსეინ და ზიადინ საფაროვები დაიღუპნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს საჯაროდ მოითხოვა რუსეთის ხელისუფლებისგან დეტალური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. თავის მხრივ, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საფაროვების წამებისა და განზრახ მკვლელობის მუხლით. რუსი ძალოვნების სპეცოპერაცია 20 წლის წინანდელ მკვლელობას უკავშირდება.
· რუსი დეპუტატი: აფხაზეთსა და ცხინვალს მხოლოდ ერთი პირობით მივიერთებთ
· სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს
· რუსმა სამხედროებმა აძვისთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს
