რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანთან, დაპატიმრებული ჟურნალისტები გათავისუფლდებიან.
პესკოვის თქმით, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიღებული მსგავსი ზომები არ შეესაბამება არც საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს და არც რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს გადაჭარბებულად ემოციური რეაქცია შეიცვლება პირდაპირი კონტაქტებით, და ამ დიალოგის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,“ — განაცხადა პესკოვმა.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „Sputnik Azərbaycan“-ის ოფისში ჩატარებული ოპერაციის დროს 7 ადამიანი დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე შემდეგი მუხლებით:
თაღლითობა (სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი), უკანონო მეწარმეობა (192-ე მუხლი), დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაცია (193-1-ე მუხლი).
დაკავებულები არიან მათ შორის იგორ კარტავიხი და ევგენი ბელოუსოვი. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „Sputnik Azərbaycan“-ის აკრედიტაცია 2025 წლის თებერვალში შეჩერდა, უწყებამ დაიწყო გამოძიება იმ საფუძვლით, რომ სააგენტო უკანონო ფინანსური წყაროებით აგრძელებდა საქმიანობას.
„Sputnik Azərbaycan“, როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს, „Россия Сегодня“-ს ნაწილი აზერბაიჯანში 2015 წლის მაისიდან ფუნქციონირებდა, ახალი ამბებს ავრცელებდა აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
2025 წლის თებერვალში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „Sputnik“-ის ბაქოს წარმომადგენლობა გაუქმდა. სამინისტრომ განმარტა, რომ ორგანიზაციას შეუძლია მხოლოდ ერთი კორესპონდენტის მეშვეობით, ოფიციალურად აკრედიტაციით იმუშაოს.
