სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა ტაილანდის პრემიერ-მინისტრს

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ სამშაბათს, 1 ივლისს, პრემიერ-მინისტრ პაეტონგტარნ შინავატრას უფლებამოსილება შეუჩერა გამოძიების დასრულებამდე, რომელიც დაკავშირებულია პრემიერის სატელეფონო საუბართან კამბოჯის ერთ-ერთი მაღალი რანგის ლიდერთან. ტაილანდელები მიიჩნევენ, რომ შინავატრა მეტისმეტი პატივისცემით მიმართავდა მოსაუბრეს სასაზღვრო დავის განხილვის დროს.
პაეტონგტარნ შინავატრა ცდილობდა მოეგვარებინა სასაზღვრო დავა, რომელსაც 28 მაისს მოჰყვა შეიარაღებული დაპირისპირებაც, რომლის დროსაც ერთი კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა. კამბოჯის სენატის პრეზიდენტ ჰუნ სენთან სატელეფონო საუბრისას მან სცადა განემუხტა დაძაბულობა. საუბრის ჩანაწერმა გაჟონა და ამას სკანდალი მოჰყვა – ოპონენტების აზრით, ტაილანდის პრემიერი მას მეტისმეტად თავმდაბლურად ელაპარაკა.
ტაილანდში ჯერ კიდევ მყიფე დემოკრატიაა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა გაურკვევლობის მსგავსი პერიოდი. ქვეყანაში არასტაბილურობის ფონს ქმნის კონფლიქტი სამხედროებსა და პოლიტიკურ ფრთას შორის. სამხედროები მიიჩნევდნენ, რომ პაეტონგტარნის მამის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თაქსინ შინავატრას მიერ შექმნილი პოლიტიკური დინასტია ზედმეტად ძლიერი ხდებოდა. პაეტონგტარნი ამ ოჯახის მესამე წევრია, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს და ასევე მესამეა, რომელიც შესაძლოა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გადააყენონ თანამდებობიდან. თაქსინი თანამდებობიდან 2006 წელს გადატრიალების შედეგად გადააყენეს და ემიგრაციაში გააძევეს. მისი და, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იინგლაკ შინავატრა, 2014 წელს სასამართლომ გადააყენა, რასაც მალევე მოჰყვა პუტჩი.
ფორუმი