მოსკოვში გამოხატავენ მზაობას, ჩართონ საქართველო “ჩრდილოეთი-სამხრეთის” სატრანსპორტო დერეფანში

რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზაციისკენაა განწყობილი და მზად იქნებოდა მის ჩასართავად “ჩრდილოეთი-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დმიტრი მასიუკმა გორჩაკოვის ფონდის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამის, „კავკასიური დიალოგის“ გახსნაზე განაცხადა.
„ნორმალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების ნაწილად იქცა ქართული საქონლისთვის რუსეთის ბაზარზე შეღავათიანი წვდომის უზრუნველყოფა, პირდაპირი ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება. რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად გარკვეული საქონლის მიწოდების საკითხში. ჩვენ მზად ვართ, წინ წავიდეთ – იქამდეც, რომ ჩავრთოთ საქართველო სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფანში „ჩრდილოეთი-სამხრეთი“, – განაცხადა მასიუკმა.
ჩრდილოეთი-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი რუსეთის სანქტ-პეტერბურგის პორტს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მუმბაის პორტთან აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 7200 კმ-ია. დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმებას 2000 წელს ხელი მოაწერეს რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა. მოგვიანებით, ინიციატივას აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, და სხვა ქვეყნები შეუერთდნენ.
რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოსთვის ღიაა რეგიონული „3+3“ ფორმატის კარი. თბილისმა არაერთხელ თქვა უარი ამ მექანიზმში მონაწილეობაზე. ამასობაში, მის ფარგლებში შეხვედრები უკვე გაიმართა მოსკოვში (2021), თეირანში (2023) და სტამბოლში (2024) რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით.
„ჩვენ „3+3“ ფორმატს ევრაზიული უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ერთ-ერთ საყრდენ ელემენტად განვიხილავთ. დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს აქტიური მონაწილეობა მისი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაღები იქნება“, – განაცხადა მასიუკმა.
მან ასევე გაიმეორა მოსკოვისა და საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ რიტორიკა და დასავლეთი საქართველოზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
„დასავლეთი აგრძელებს საქართველოს ხელმძღვანელობის ხელების გადაგრეხას, სანქციებით ქვეყნის შანტაჟს, მოითხოვს ახალ სისხლიან ავანტიურებს სა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ, ასევე ანტირუსულ შეზღუდვებთან შეერთებას“, – თქვა მან და დაამატა, რომ ამასთან თბილისი „მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკაზე უარს არ ამბობს“.
ფორუმი