თუ „გზის გადაკეტვის“ ჯარიმას არ გადაიხდიან, შემდეგი დარღვევისთვის დააპატიმრებენ – „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა

„ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება კანონი დემონსტრანტების წინააღმდეგ – თუკი სამართალდამრღვევად მიჩნეული ადამიანი მისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, შემდეგ დარღვევაზე პატიმრობა დაემუქრება.
კანონპროექტი სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით განიხილება, რაც ნიშნავს, რომ მისი მიღება ამავე კვირაშია შესაძლებელი.
გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში, პატიმრობაში გაუშვებენ ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც სამართალდამრღვევად ცნობენ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ოთხი მუხლიდან ერთ-ერთით:
· 166 მუხლი – წვრილმანი ხულიგნობა;
· 173 მუხლი – პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა;
· 17316 მუხლი – თანამდებობის პირების შეურაცხყოფა ან ლანძღვა-გინება;
· 1741 მუხლი – შეკრებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევა: გზის გადაკეტვა, აქციაზე ლაზერის ფლობა, სახის ნიღბით დაფარვა, სასამართლოში ან მოსამართლის სახლთან აქციის ჩატარება.
მოქმედი კანონმდებლობა მოსამართლეებს უფლებას აძლევდა, თავად აერჩიათ, რომელიმე ამ დარღვევის ჩადენისთვის პატიმრობას გამოიყენებდნენ თუ ჯარიმას, თუმცა ახალი კანონპროექტი მათ ავალდებულებს, მეორე დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეები პატიმრობაში გაუშვან.