არ ვიცი, რისი ბრალია, ჩვენ ქართულად ვსაუბრობთ და ისინი ინგლისურად? არადა, ვხედავთ, რომ ბრიტანეთის ელჩი ქართულს სწავლობს და წესით, რაღაც უნდა ესმოდეს ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ერთს ვამბობთ და ისინი სხვა რაღაცას გვპასუხობენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარებას და განცხადებაში ბრიტანეთის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს.
შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩოს მოსთხოვა, თავად გასცენ პასუხი კითხვას – დაარღვია თუ არა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ვენის კონვენცია.
„მათ შორის მეც ძალიან კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობდი, როდესაც ბრიტანეთის ელჩის ქცევაზე ვსაუბრობდი. მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ მან დაარღვია ვენის კონვენცია იმით, რომ ჩაერია საპარლამენტო არჩევნებში აგიტაციის სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ბრალდება ნომერი ერთი – ამას უპასუხონ, თქვან, რომ არ დაარღვია. ამის ნაცვლად, ამბობენ, რომ „ცრუ ბრალდებები“ და ა.შ. განათლებული ადამიანები ასეთ დიალოგს არ აწარმოებენ და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის მიმართ უფრო დიდი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხს.
ამიტომ, ბრიტანეთის ელჩმა დაარღვია ვენის კონვენცია, როდესაც ათი დღით ადრე საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა საჯაროდ, ინტერვიუს სახით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. გვაინტერესებს პასუხი, დაარღვია თუ არა მათი გაგებით, ვენის კონვენცია და თუ დაარღვია, რას აპირებენ ამ მხრივ მოიმოქმედონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა, დაეფინანსებინა ექსტრემისტული განწყობების ადამიანები საქართველოში. მან მედიასთან ოქსფორდის ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონიდან სიტყვა ექსტრემიზმის მნიშვნელობაც განმარტა და როგორც აღნიშნა, „ექსტრემიზმი ნიშნავს უკიდურესი პოლიტიკურ ხედვების ქონას, უკიდურესი ზომების მხარდაჭერას. ეს არის ექსტრემიზმის ოქსფორდის ლექსიკონის განმარტებით და არა, სულხან-საბას ლექსიკონით“. ექსტრემიზმზე საუბრისას პაპუაშვილმა არჩევნების ბოიკოტის შესახებ პოლიტიკოსების, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გია ჯაფარიძის მიერ გამოთქმული ციტატები მოიყვანა და კითხვები დასვა:
„არის თუ არა ეს უკიდურესი პოლიტიკურ ხედვები და უკიდურესი ზომების მხარდაჭერა?. რა თქმა უნდა, არის. შესაბამისად, ესეც არის ექსტრემიზმი. ერთის და მეორის, ჩერგოლეიშვილის და ჯაფარიძის დაფინანსებას აპირებდა ბრიტანეთის საელჩო. დასკვნა, ბრიტანეთის საელჩო აპირებდა ექსტრემისტული შეხედულებების მქონე ადამიანების დაფინანსებას. ამაზე გაგვცენ პასუხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ელჩის შესაძლო გაწვევაზე დასმულ შეკითხვას, შალვა პაპუაშვილია ასე პასუხობს:
„რა საჭიროა ეს, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვეულებრივად ვამხილოთ ადამიანები ქცევებში. ამაში პრობლემური არაფერია. პრობლემა იმაშია, ჩვენ რომ ვაკრიტიკებთ, მერე ზოგიერთს სწყინს, რომ როგორ თუ ჩვენს ელჩს აკრიტიკებ. ნუ შემოვლენ პოლიტიკურ დებატებში და არ მიიღებენ პოლიტიკურ პასუხებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
