გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება პროტესტი და ეროვნული ინტერესების ღალატი, კონსტიტუციის დარღვევა, უარის თქმა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე

მკაფიოდ უნდა გავავლოთ ხაზი, რომ გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მოღალატეთა რეჟიმის მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება არა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ამგვარ სპეცოპერაციაში“ მონაწილეობა ღალატი იქნება.
„მინდა გამოვეხმაურო“ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში მოქმედი პროდასავლური პარტიების გუშინდელ ერთობლივ განცხადებას, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში. ამასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არჩევნები გვინდა და ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ეს არის ნორმალური, მაგრამ არჩევნები რომ გინდა, არ არის აუცილებელი, რუსული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ იმიტომ, რომ რეჟიმი ამას დაარქმევს არჩევნებს. შესაბამისად, ამგვარ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება ღალატი იმ პროტესტისა, პატრიოტი ადამიანების, რომლებიც შვიდ თვეზე მეტია აპროტესტებენ 2024 წლის არჩევნების გაყალბებას, ეროვნული ინტერესების ღალატს, კონსტიტუციის დარღვევას, უარის თქმას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან მკაფიო ზღვარი [უნდა] გავავლოთ რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია. არჩევნები გვინდა, მაგრამ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და მცირედით მაინც ლეგიტიმაციის მინიჭება მოღალატეთა რეჟიმისა არა, ” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისთვის, რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. განცხადებას უერთდება: “თავისუფლების მოედანი”; “დროა”; “გირჩი-მეტი თავისუფლება”; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “ევროპული საქართველო”; “ახალი”; “ფედერალისტები”. ოპოზიციური პარტიების განცხადების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ, რომლებიც პარლამენტთან შიმშილობდნენ, პროტესტის უკიდურესი ფორმა, შიმშილობა შეწყვიტეს.