ევროკავშირმა საქართველოში მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიებზე დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს , – ამის შესახებ განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) ავრცელებს.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებით, რეპრესიული კანონების მიღებისა და პრესაზე თავდასხმების ფონზე საქართველოში მედია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
„ყოველდღიურად საქართველო სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას უახლოვდება, რადგან მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დემოკრატიის განადგურებისა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის მიმართულებით ძალისხმევას აძლიერებს. გასული კვირის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომელიც ცილისწამებისთვის ჟურნალისტების სისხლისსამართლებრივ დევნას აადვილებს, შემოიღო ახალი შეზღუდვები სასამართლო პროცესების გაშუქებაზე და ბათუმის სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა გაუხანგრძლივა, მიუხედავად სამედიცინო დასკვნებისა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მას მხედველობა საგრძნობლად გაუუარესდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ ევროკავშირს დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ მოუწოდებს, რათა ზეწოლა განახორციელოს „ქართულ ოცნებაზე“, ასევე, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მოსამართლეებზე.
ინსტიტუტი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრობს.
„კანონპროექტი ცილისწამების ხელახლა განმარტებას ახდენს, როგორც „განცხადების, რომელიც არსებითად ცრუ ფაქტს შეიცავს და ზიანს აყენებს პირის რეპუტაციას“, ხოლო ამჟამინდელი მუხლიდან ამოღებულია მითითება, რომ ასეთი განცხადება „ზიანის მიყენებას“ უნდა ითვალისწინებდეს, რათა ცილისმწამებლურად ჩაითვალოს. ეს ცვლილებები ძირს უთხრის ჟურნალისტიკისთვის ფუნდამენტურ სამართლებრივ დაცვას წყაროს კონფიდენციალურობის უგულებელყოფით, თვითცენზურის ხელშეწყობითა და საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის დაბრკოლებების შექმნით. აღნიშნული ცვლილებები საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის“, – აცხადებს IPI.
IPI აცხადებს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები ჟურნალისტების შესაძლებლობას, რომ სასამართლო პროცესიდან რეპორტაჟები გააშუქონ, მნიშვნელოვნად ზღუდავს.
„ასევე, კანონი აუქმებს დამატებით დებულებებს, რომლებიც ამჟამად ჟურნალისტებს სასამართლოს დერეფნებსა და ეზოებში ჩაწერის უფლებას აძლევს და იცავს მათ ჩამწერი მოწყობილობების კონფისკაციისგან. ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებით „ქართული ოცნება“ მაღალი ხარისხის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის სივრცეს ზღუდავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
IPI აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება.
„23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტისა და მედია დირექტორის, მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და მისი დაცვის მხარის შუამდგომლობა უარყო, პატიმრობის უფრო მსუბუქი აღმკვეთი ღონისძიებით შეცვლის შესახებ. ციხეში ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მისი შიმშილობის დროს 4 და 6 თებერვალს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება აჩვენა: მარჯვენა თვალში მხედველობა 30%-დან 10%-მდე დაეცა, ხოლო მარცხენა თვალში მხედველობის დაახლოებით 4% შენარჩუნდა. ამაღლობელის დაპატიმრება ფართოდ აღიქმება, როგორც მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის შურისძიება“, – აცხადებს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის განცხადებით, „მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ავტორიტარული მმართველობის ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფო პასუხი უნდა გასცეს“.
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, საქართველოზე ზეწოლა გააძლიერონ და ავტორიტარიზმისკენ სწრაფი სვლა შეაჩერონ. ასევე, „ქართულ ოცნებას“ რეპრესიული კანონების გაუქმებას მოვუწოდებთ, მათ შორის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ (FARA) და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „გრანტების შესახებ“ კანონებში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებების. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას უსამართლოდ დაპატიმრებული ვეტერანი ქართველი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გათავისუფლების შესახებ, რომელიც ქართული მედიის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
