IPI: აუცილებელია სწრაფი მოქმედება, რადგან მმართველი პარტია დამოუკიდებელი მედიის დადუმების მცდელობას აჩქარებს

IPI-მ (პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა) დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების შესახებ საუბრობს.
განცხადებაში ნახსენებია სასამართლოს გაშუქების გამკაცრებაზე კანონში შეტანილი ცვლილებები, სხვა რეპრესიული კანონები, რაც ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო და ასევე, მზია ამაღლობელის გახანგრძლივეული პატიმრობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.
მათ განცხადებაში ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი ახლა ვალდებულია, საჯაროდ გააკრიტიკოს და დაასანქციროს ისინი, ვინც მედიის წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხს აგებს.
“ძალაში შედის სულ უფრო რეპრესიული კანონები და გრძელდება პრესაზე ზეწოლა. ყოველდღიურად საქართველო სულ უფრო უახლოვდება სრულად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმს, რადგან მმართველი პარტია “ქართული ოცნება” აქტიურად ცდილობს დემოკრატიული ინსტიტუტების დაშლასა და დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას.
ბოლო კვირის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. ასევე, დაწესდა ახალი შეზღუდვები სასამართლო პროცესების გაშუქებაზე, ხოლო ს სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ექიმების დასკვნა მისი მხედველობის მკვეთრი გაუარესების შესახებ, გაახანგრძლივა მზია ამაღლობელის პატიმრობა.
საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, ახლა აქვს ვალდებულება იმოქმედოს – საჯაროდ გააკრიტიკოს და გამოიყენოს ეფექტიანი ზეწოლის ბერკეტები „ქართული ოცნების“, მისი ლიდერების, სასამართლოს წარმომადგენლებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებიც პასუხს აგებენ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებზე”, – წერია განცხადებაში.
IPI-ს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “ოცნება” მედიისთვის სასამართლო პროცესების გადაღებას სინდისის პატიმრების საქმეების მიმდინარეობის პარალელურად კრძალავს.
“მანამდე, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს რომელიც დიდი ხანია „ქართული ოცნების“ მმართველობის პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იქცა – ჰქონდა უფლება სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას გადაეღო კადრები სასამართლო დარბაზში, ვალდებულებით, რომ ეს მასალა სხვა მედიასაშუალებებისთვისაც ხელმისაწვდომი გაეხადა. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, გადაღების უფლება სხვა მაუწყებლებზე გადადიოდა. აღნიშნული ჩარჩო გაუქმდება ახალი კანონპროექტის მიღებით.
კანონი ასევე აუქმებს დამატებით დებულებებს, რომლებიც ამჟამად ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს გააკეთონ ჩანაწერები სასამართლოს დერეფნებსა და ეზოებში, და იცავს მათ ჩასაწერი მოწყობილობების კონფისკაციისგან.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონპროექტი პარლამენტში შეიტანა იმ ფონზე, როდესაც გრძელდება სასამართლო პროცესები ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების, მათ შორის მძია ამაღლობელის, წინააღმდეგ. აღნიშნული სასამართლო სხდომები ფართოდ შუქდებოდა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიერ.
ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, სხვა ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებთან ერთად, და ჟურნალისტებზე თავდასხმებზე დაუსჯელობის ფონზე, მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ თანდათან ახშობს სივრცეს მაღალი ხარისხის, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის არსებობისთვის საქართველოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
IPI კიდევ ერთხელ აღნიშნავს მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას. განცხადებაში წერია ისიც, რაც მზია ამაღლობელის ბოლო სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა განაცხადა – ჟურნალისტის მხედველობა პატიმრობაში ყოფნისას საგრძნობლად გაუარესდა.
“23 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მძია ამაღლობელის, წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა უარი თქვა დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც ითხოვდა პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლას. გადაწყვეტილების დასაბუთებაში მოსამართლემ მიუთითა „კაცობრიობის მაღალი რისკი“.
ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში კიდევ უფრო დამძიმდა. 4 და 6 თებერვალს, შიმშილობის დროს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევებმა აჩვენა მკვეთრი გაუარესება: მისი მარჯვენა თვალის მხედველობა 30%-დან 10%-მდე დაეცა, ხოლო მარცხენა თვალში მხოლოდ დაახლოებით 4% დარჩა – ისიც მხოლოდ სინათლის აღქმის დონეზე.
ამაღობელი ცნობილია, როგორც ღია რეჟიმის კრიტიკოსი. მას პოლიციელზე ძალადობაში ადანაშაულებენ – ბრალდება, რომელიც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – მას შემდეგ, რაც ის ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი ძებუაძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში აღმოჩნდა. ამაღობელის დაკავება აღიქმება, როგორც შურისძიება მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პრესის საერთაშორისო ორგანიზაცია ამჯერადაც მიმართავს “ქართულ ოცნებას”- გააუქმოს რეპრესიული კანონები, მათ შორის ე.წ. FARA, ასევე, მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. გარდა ამისა, პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონსა და სასამართლო პროცესების მედიაგაშუქების შეზღუდვის დადგენილ ცვლილებებზე.
IPI ოპოზიციონერი პილიტიკოსების დაკავებებსაც ეხმიანება და წერს, რომ ამის ფონზე, რეპრესიული, არადემოკრატიული და ანტილიბერალური კანონმდებლობის მიღება, პოლიტიკურ დევნასთან ერთად, უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს საქართველოში.
“სანამ ახალი რეპრესიული კანონები ძალაში შედის, პარალელურად მთავრობის კრიტიკოსებს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, მასობრივად აკავებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააპატიმრა შვიდი ოპოზიციური ლიდერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი.
რეპრესიული, არადემოკრატიული და ანტილიბერალური კანონმდებლობის მიღება, პოლიტიკურ დევნასთან ერთად, უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატად ითვლება და ერთ დროს სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის შუქურად განიხილებოდა. „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ეყრდნობა რუსული ავტორიტარიზმის პრაქტიკას, რათა ჩაახშოს კრიტიკა, შეავიწროოს ადამიანის უფლებები და დაანგრიოს დემოკრატიული ინსტიტუტები.
საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებების სწრაფი და ფართომასშტაბიანი მოშლა სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონის დემოკრატიას, სადაც უკიდურესად მემარჯვენე ძალები და პოპულისტური ტენდენციები ძლიერდება, ხოლო ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო იკიდებს ფეხს.
სანამ „ქართული ოცნება“ ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციას რამდენიმე თვეში ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. ჩვენ კვლავ ვუხმობთ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და შეაჩერონ ავტორიტარიზმისკენ სავალი გზა. ეფექტიანი ზეწოლა უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, არამედ ყველა გადაწყვეტილების მიმღებზე და მოსამართლეზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მედიაზე შეტევაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებასა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობაზე.
მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ – გააუქმოს რეპრესიული კანონები, მათ შორის ე.წ. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ კანონი (FARA), ასევე მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. გარდა ამისა, მოვუწოდებთ პარლამენტს, უარი თქვას გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონსა და სასამართლო პროცესების მედიაგაშუქების შეზღუდვის დადგენილ ცვლილებებზე.
ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღობელი, რომელიც უკვე დამოუკიდებელი ქართული მედიის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა” , – აღნიშნულია განცხადებაში.
· სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო
· საჭიროა ერთიანი პასუხი რეპრესიებზე — 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია
· “ოცნების” ახალი კანონპროექტით სასამართლო პროცესების გაშუქება იზღუდება