განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გივი მიქანაძე წარადგინა. მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ბრიფინგზე, ახალი მინისტრი მას შემდეგ დასახელდა, რაც დღეს, 30 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თანამდებობას ტოვებს. მისი სამადლობელი და გამოსამშვიდობებელი განცხადება სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ალექსანდრე წულაძეს გაწეული საქმიანობისთვის. წულაძე ბრიფინგს არ ესწრებოდა.
გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ აქვს „მაქსიმალური მზაობა” და “ნდობა, რომელიც მასთან მიმართებაში პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გამოთქმული, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად მოახმაროს“. მისი სიტყვებით, “21-ე საუკუნეში განვითარება განათლების და მეცნიერების გარეშე წარმოუდგენელია”.
“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ალექსანდრე წულაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის, როგორც მინისტრის რანგში. ის მიმდინარე რეფორმები და აქტუალური საკითხები კვლავაც დღის წესრიგში იქნება. იქნება ძალიან ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის, რომ რეფორმები დაჩქარდეს და რა თქმა უნდა, ეს ხარისხობრივი ნიშნით უმაღლესი რანგით იყოს აღნიშნული”, – თქვა გივი მიქანაძემ და დაამატა, რომ “ამ სამინისტროს წარმატება პირდაპირ პროპორციულია ჩვენი ქვეყნის წარმატებისა“.
ირაკლი კობახიძის თქმით, გივი მიქანაძეს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, სიღრმისეული აკადემიური განათლება და “იდეალური კანდიდატია” მინისტრის პოსტზე.
“ორი სიტყვა მინდა ვთქვა მის გამოცდილებასთან დაკავშირებით უშუალოდ განათლების, მეცნიერების სფეროში. მას აქვს ღრმა აკადემიური განათლება, არის იურისტი, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე დიდ ბრიტანეთში, ინგლისში ესექსის უნივერსიტეტი. სადოქტორო დისერტაცია აქვს დაცული ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში, მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება, ასევე ფართო პოლიტიკური გამოცდილება და უშუალოდ განათლებისა და მეცნიერების სფეროში აქვს ძალიან დიდი გამოცდილება. ის წლების განმავლობაში იყო შსს-ის აკადემიის ლექტორი, იყო პედაგოგი, ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში, მთელი წლების განმავლობაში და არის არაერთი წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ღრმა გამოცდილება განათლებისა და მეცნიერების სფეროში. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტში იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ის არის იდეალური კანდიდატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე. მინდა ბატონ გივის ვუსურვო წარმატებები ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
გივი მიქანაძე განათლების მინისტრის პოსტზე წარდგენამდე სადავო პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
2005 -2008 წლებში “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში ეკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი, დროის ამ მონაკვეთში მინისტრი ექვსჯერ შეიცვალა.
2016 -18 წლებში იყო პოლიციის აკადემიის რექტორი.
2020 წლიდან არის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრი და ორი მომწვევის პარლამენტის დეპუტატი
2006 წელს მიღებული აქვს იუსტიციის პოლკოვნიკის, 2017 წელს კი პოლიციის პოლკოვნიკის წოდება.
ფორუმი
