აზერბაიჯანმა ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვში დაგეგმილ საპარლამენტო სხდომას

აზერბაიჯანის პარლამენტმა ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვში დაგეგმილ საპარლამენტო სხდომას ეკატერინბურგის სპეცოპერაციის საპასუხოდ.
როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, აზერბაიჯანის პარლამენტის დელეგაციამ, პირველი ვიცე-სპიკერის, ალი ახმედოვის ხელმძღვანელობით, უარი თქვა მონაწილეობაზე აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის 23-ე სესიაში, რომელიც მოსკოვში უნდა გამართულიყო – გადაწყვეტილება მიღებული იყო ეკატერინბურგში ჩატარებული ძალოვანთა სპეცოპერაციის შემდეგ, რომლის დროსაც აზერბაიჯანელი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს საჯაროდ მოითხოვა ს ხელისუფლებისგან დეტალური გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. ბაქომ ასევე გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის ვიზიტი ქვეყანაში, რადგან „არაგონივრულად“ მიაჩნია ნებისმიერი ოფიციალური პირის ვიზიტი რუსეთის მხრიდან.
ეკატერინბურგის მოვლენების ფონზე აზერბაიჯანში შეჩერდა რუსული მხარის მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტები, ფესტივალები და სპექტაკლები.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ეკატერინბურგში აღიკვეთა „ეთნიკური დანაშაულებრივი ჯგუფის“ საქმიანობა, რომელსაც კავშირი აქვს 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილ მკვლელობებთან. თუმცა დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ უწყებას დეტალები არ გაუსაჯაროებია. მედია E1.ru-ს ცნობით, სპეცოპერაციისას ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი — ხანდაზმული მამაკაცი — გარდაიცვალა გულის შეტევით, როცა ძალოვნები მის სახლში შევიდნენ.
მომხდარს ბაქოში მძაფრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა. აზერბაიჯანში მცხოვრებმა რუსთა საზოგადოებამაც გააკეთა განცხადება:
„ჩვენ ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ. დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტება და ადამიანის სიცოცხლის გაუფასურება. ბრძოლა დანაშაულთან უნდა წარიმართოს კანონის ფარგლებში. განსაკუთრებით საშიშია ‘ეთნოდანაშაულის ტერმინის გამოყენება, რაც საზოგადოებრივ თანასწორობასა და ეროვნებათა შორის ნდობას არღვევს“.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. თებერვალში ბაქომ დახურა რუსული კულტურის ცენტრი “რუსული სახლი” და სააგენტო „Россия сегодня“-ს წარმომადგენლობა. მაისში აზერბაიჯანელი დეპუტატი აზერ ბადამოვი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს — მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის დუმის დეპუტატი ნიკოლაი ვალუევი. ამის პასუხად ბაქომ ვალუევს persona non grata–ის სტატუსი მიანიჭა.