ჩვენ ვართ ევროპის თანაშემოქმედი – თუ კი ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს, რომ გადაახტეს საქართველოს და სხვანაირად ხედავს ევროპის გეოგრაფიას, ეს საბოლოოდ, მათი პრობლემაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სომხეთში ვიზიტის შესახებ კითხვას.
რაც შეეხება კითხვას „ის, რომ კაია კალასი საქართველოში არ ჩამოვიდა და სომხეთში ჩავიდა არის თუ არა პრობლემა ქვეყნისთვის“, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „მისთვის არის პრობლემა, ჩვენთვის არა“.
„ჩვენ ვართ იქ, სადაც ვიყავით ყოველთვის, სადაც ვიყავით ათასწლეულები. ჩვენ ვართ ევროპის თანაშემოქმედი. თუკი ევროკავშირის ზოგიერთი ბიუროკრატი ცდილობს, რომ გადაახტეს საქართველოს და სხვანაირად ხედავს ევროპის გეოგრაფიას, ეს საბოლოოდ, მათი პრობლემაა. ვერავინ ვერ გაექცევა იმ ფაქტს, რომ საქართველო არის არა მხოლოდ ევროპის ნაწილი, არამედ, მათ შორის, ევროპის თანამედროვე გაგების თანაშემოქმედი.
ის ევროპელი ბიუროკრატები თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, თვალი აარიდონ ქართველებს, ეს ის ხალხია, რომლის ნაწილსაც სურს ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები ჩაანაცვლოს საბჭოთა მენტალიტეტით და ზოგს კი – რა მენტალიტეტით. ეს არის დღევანდელი ბრიუსელის გამოწვევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
