რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელმაც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ ყირგიზეთში გაიმართა, სომხეთში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა.
„ამ ქვეყნის მოვლენები მისი შიდა საქმეებია, თუმცა ეკლესიაზე თავდასხმები შეშფოთებას იწვევს: ეკლესია ყოველთვის იყო სომხური საზოგადოების ერთ-ერთი საყრდენი და ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ეს ეკლესია დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო თავდასხმების სამიზნე გახდეს“, – თქვა ლავროვმა.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დაძაბულია. სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და სასულიერო პირებს შორის დაპირსპირება დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც დაკავდება ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებით.
მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება წაუყენა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს და მაღალი რანგის სასულიერო პირთა ჯგუფს ცელიბატის აღთქმის დარღვევაში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება, გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ცელიბატი და ჰყავს შვილი, ის ვერ შეძლებს ყველა სომეხის კათოლიკოსად დარჩენას.
ასევე, არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპახიანს ბრალი ედება ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სასულიერო პირები, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.
