ყოფილი დეპუტატების მაქსიმალური პენსია 560 ლარიდან 1000-მდე იზრდება

ყოფილი პარლამენტარების მაქსიმალური პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს, 15 ნოემბერს განაცხადა.
მისი განმარტებით, დეპუტატის პენსია განისაზღვრება მისი მუშაობისას არსებული ანაზღაურების 2/3-ით, ზედა ზღვრად კი განსაზღვრულია 560 ლარი. პაპუაშვილის თქმით, პირველი იანვრიდან ეს ზღვარი შეიცვლება და 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდება.
ცვლილებები შეეხება როგორც ამჟამინდელ, ასევე უკვე ყოფილ დეპუტატებსაც:
“ყოფილი წევრების პენსიებში არის ცვლილება. იცით, რომ განვიხილავთ ბიუჯეტს. დღეს არსებული სისტემით ანაზღაურების 2/3 არის ყოფილი პარლამენტის წევრის პენსია, თუმცა ჭერი არის 560 ლარის ოდენობით. ეს ზედა ზღვარი იცვლება. ეს არის იგივე მუხლი, რომელიც ეხება სამართალდამცავი ორგანოების ყოფილ თანამშრომლებს და ა.შ. – ბევრ სეგმენტს ფარავს. ეს ჭერი 1000 ლარამდე იზრდება. ამიტომ, პარლამენტის ყოფილ წევრებსაც შეეხებათ ეს ცვლილება. 1-ელი იანვრიდან პენსია 560 ლარის ნაცვლად 1000 ლარი იქნება. იზრდება ბიუჯეტის ცვლილებიდან გამომდინარე. დღეს პარლამენტის ყოფილი წევრების პენსია 560 ლარი იმიტომაა, რომ დადგენილია ჭერი 560 ლარი. წესით უნდა იყოს არსებული ხელფასის 1/3, თუმცა ვინაიდან ჭერი 560-ია, ამას ვერ სცდება. ჭერი ბიუჯეტით 1000 ლარამდე იზრდება. ეხება ბევრ სეგმენტს და მათ შორის პარლამენტის ყოფილ წევრებსაც. 1000 ლარამდე აიწევს ჭერი და შესაბამისად, პენსია იქნება 1000 ლარი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ ზედა ზღვარის გაუქმების ინიციატივა გამოხატა, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში ყოფილი დეპუტატების პენსიებზე დამატებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა და ამის რესურსი ბიუჯეტში არ არის.
პარლამენტში ასევე განიხილება პარლამენტის წევრებისთვის ხელფასების მომატების საკითხი. კერძოდ, 2025 წლის პირველი იანვრიდან პარლამენტის წევრებს ხელფასები (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) იქნება:
· პარლამენტის თავმჯდომარეს 6 740 ლარიდან 10 000 ლარამდე გაეზრდება;
· პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 6 400 ლარიდან 9 500 ლარამდე გაეზრდება;
· პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს 6 340 ლარიდან 9 250 ლარამდე გაეზრდება;
· კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს 5 540 ლარიდან 9 000 ლარამდე გაეზრდება;
· კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს 4 800 ლარიდან 8 750 ლარამდე გაეზრდება;
· კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს 4 740 ლარიდან 8 500 ლარამდე გაეზრდება;
· პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, 4 624 ლარიდან 8 250 ლარამდე გაეზრდება.