ჩვენი პარტიის ორი ლიდერი იმყოფება საპატიმროში. ამის მიუხედავად, არცერთი ნაბიჯით უკან! ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციის ორი მთავარი მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, კვლავ უცვლელია. კუპრაძემ მოსახლეობას მოუწოდა კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მთავარი მოთხოვნით. ესენია ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გამოვიყენებთ ყველა გზას და შესაძლებლობას იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს. ჩვენი პარტიის 2 ლიდერი იმყოფება საპატიმროში. ამის მიუხედავად, არცერთი ნაბიჯით უკან! ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. თბილისში ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მუხტს და ბრძოლას პოლიტპატიმრებისთვის. ხვალ 29 ივნისს, შედგება საპროტესტო მარში ყველა პოლიტპატიმრისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და თანამოქალაქეებს, რომლებიც დუმან დავანახოთ, რომ ბრძოლა არ გაჩერდება. ყველა ჩვენი ნაბიჯი იქნება მიმართულ სახალხო დაკვეთისკენ, რასაც შევასრულებთ და არ ვუღალატებთ. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე“,- განაცხადა კუპრაძემ.
მანამდე, 19:00 საათზე საპროტესტო მარში მოეწყობა მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ.
