ზვიად ძიძიგური: გახარიას ადგილას საქართველოში არ ჩამოვიდოდი, სასამართლოზე სამართალს იპოვის?

პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა TV პირველის ეთერში თქვა, რომ გიორგი გახარიას ადგილას საქართველოში არ დაბრუნდებოდა, რადგან ივანიშვილის რეჟიმი მას “დიდი ალბათობით დააპატიმრებს”.

“გიორგი გახარიაზე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, წავიდეს ციხეში თუ არ წავიდეს, ამ შემთხვევაში, მისი გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, თუ ჩამოვა საქართველოში, დიდი ალბათობით დააპატიმრებენ. ისეთ თემაზე აღუძრეს საქმე, რომ საქართველოს ინტერესის შესაბამისი ნაბიჯი რატომ გადადგი და რატომ გააღიზიანეო – ერთი წინადადებით რომ ვთქვათ, ეს არის რასაც ედავებიან, თან ისეთი მუხლები ჩამოთვალეს, მინიმუმ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მე მის ადგილას არ ჩამოვიდოდი საქართველოში, რატომ უნდა ჩამოვიდე, სასამართლოზე რამე სამართალს იპოვი? რაღაც ტიპის შედეგი მოჰყვება? გაცილებით მეტი შეიძლება თავისუფლებაზე მყოფმა გახარიამ გააკეთოს, ვიდრე პატიმრობაში მყოფმა და პატიმრები არ გვაკლია”. – თქვა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს.

გახარია, პარტიის განცხადებით, საქართველოში არ იმყოფება და კომისიაზე მისვლას ვერ შეძლებდა, თუმცა მზად იყო სხდომაზე დისტანციურად გამოკითხვისთვის.

14 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახტანგ გომელაური საბოტაჟის მუხლით გამოძიების ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანაში ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედებასთან დაკავშრებით იკითხებოდა.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას მიაწვდიან.

ცნობისთვის, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ტყის მასივში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია 2019 წლიდან დაიწყეს. საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტყეში  საგუშაგო განთავსდა. საპასუხოდ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ერგნეთის “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაშალა და ჩორჩანიდან ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა, რაც -მ არ დააკმაყოფილა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ქმედებით გადარჩა 1800 ჰექტარი, რომლის მითვისებაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 1992 წლის “ფეიკ რუკით” ცდილობდა.