“ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, მისი პირველი წერილი ვრცელდება ციხიდან, სადაც იგი წერს, რომ რეჟიმის ამოცანაა, მას და სხვა პოლიტპატიმრებს თავი უსუსურად აგრძნობინოს.
“ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე!”, – წერს მელია.
მისივე თქმით, ბევრ ადამიანს “საბჭოთა კავშირი მენტალურად დაყტოვებული აქვს”, ამიტომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ვერ გახდება.
“მართალია საბჭოთა კავშირი კი შემოგვიბრუნდა აწმყოში და უნდა ჩვენი გონება სულ წარსულს ეპოტინებოდეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი პატივია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც თავგადასავლიან ცხოვრებას მოითხოვს და ამაში გასაკვირი არაფერია.
ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე!
ამ და ასეთ ბრძოლაში პრინციპულები გაიმარჯვებენ, პრინციპულობით გავიმარჯვებთ. ასე მჯერა, ასე ვიცი, ასე მიბრძოლია და ასე ვიბრძოლებთ. მაგრად მახარებს შეუპოვრების რაოდენობა, შემგუებლებს ცვლილება არასოდეს მოუტანიათ. რეჟიმის შემოტევების ამოცანაა თავი უსუსურებად გვაგრძნობინოს, გაუბედავებად გვაქციოს, საკუთარი „მე“ წაგვართვას.
არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლის ძალა, რაც ყველასთვის მოულოდნელ მომენტში გამარჯვების ენერგიად გადაიქცევა და ნაკუწებად ვაქცევთ მილიარდერის ბადეს, რომელშიც ყველანი ვართ გახლართულები, მათ შორის თვითონაც. მოკლედ, რაც არ უნდა ბედნიერების ხრონწით ხმაში ამბობდნენ, რომ თუ ჩვენს პარლამენტს არ აღიარებენ, მაშინ ყველანი ციხეში წავლენო, აი ზუსტად ასეთ დილიხორში მყოფები დაიშლებიან, როგორც ქიმიური შენაერთი სინჯარაში.
საქართველო ვერ გახდება ბიძინასი და რუსების, ჩასუნთქული გვაქვს უკვე თავისუფლების ჰაერი და ძალიან ბევრს მენტალურად დატოვებული გვაქვს საბჭოთა კავშირი და ვაპირებთ მისი ყველა კარი სამუდამოდ გამოვიხუროთ!
აქ კი, რუსთავის ციხეში, სიზმარისეული მდგომარეობაა, თითქმის ყველა აქ არის, სულ ცოტაც და გურამ აბსანძესაც დაიჭერენ და ამის შემდეგ ბატონი გურამი კვლავ გათხრის საიდუმლო გვირაბს და ჩვენც გამოგვიყოლებს.
ამაზე ნაკლები სცენარით, ეს ჩვენი თავგადასავალი არ უნდა დასრულდეს.
ყველას მოკითხვა, მაგრად იყავით!
მოკითხვა სართულის მეზობელს – გიორგის,
მოკითხვა ქვედა სართულის მეზობლებს- ნიკას, ზურას, ირაკლის, მამუკას და ბადრის.
მოკითხვა გივი თარგამაძეს!
მოკითხვა სხვა ციხეში მყოფ სინდისის პატიმრებს”, – წერს ნიკა მელია წერილში.
ნიკა მელიას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 8 თვიანი პატიმრობა 27 ივნისს მიუსაჯა.
გარდა ამისა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გაგადწყვეტილებით, ნიკა მელიას დაეკისრა ჯარიმა – 25 ათასი ლარის გადახდა.
საქმე ეხება 2019 წლის განაჩენს, როდესაც ნიკა მელია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყო ბრლადებული და დამნაშავედ სცნეს.
ნიკა მელიას პროცესამდე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა შეუფარდა გივი თარგამაძესაც.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა ასევე შეეფარდათ ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ირაკლი ოქრუაშვილსა და ნიკა გვარამიას.
