ირაკლი კობახიძე – გასულ 12 თვეში აშენდა 4 ჰიდროელექტროსადგური, ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები, გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით

ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება – გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, კვლავ აქტიურად წარიმართება გაზიფიკაციის სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების ამბიციური მიზანია – 2030 წელს საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით.
„გაზიფიკაციის ქსელს შეუერთდა 5,000 ოჯახი საანგარიშო პერიოდში, ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის გვინდა, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით სრულად თვითკმარი ქვეყანა. ამ კუთხით, კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები. გვქონდა გარკვეული ხარვეზები ენერგეტიკის სისტემაში, ეს ხარვეზები თავიდან ბოლომდე იქნება აღმოფხვრილი, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას“, – აღნიშნა მ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. საქართველოს აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, გამოვიყენოთ და ამას ემსახურება ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩამოვთვალე – ავტომაგისტრალების მშენებლობა, რკინიგზის განვითარება, საზღვაო პორტების განვითარება, აეროპორტების მშენებლობა. ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო, დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენ ორი კვირის წინ გავხსენით თბილისის მშრალი პორტი, რომელიც შეიქმნა არაბული ინვესტიციით. ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა პრემიერმა.