TBC Uzbekistan-ი პლატფორმა BILLZ-ის აქციების საკონტროლო პაკეტს ყიდულობს – გარიგების დეტალები

TBC Bank Group-ში შემავალი TBC Uzbekistan-ი უზბეკეთში პლატფორმა BILLZ-ის აქციების უმრავლესობას ყიდულობს, რაც ცენტრალური აზიის ტექინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარიგებაა. საუბარია საცალო მართვის SaaS პლატფორმის ყიდვაზე, რომელიც TBC Uzbekistan-ს საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეთავაზებები გააფართოოს.
გარიგების მიხედვით, “” BILLZ-ის საკონტროლო პაკეტში $12 მლნ-მდე გადაიხდის. თავდაპირველად, 53%-იანი წილის $9 მილიონად ყიდვა იგეგმება, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მისი წილის 60%-მდე გაზრდის გეგმით, რაც BILLZ-ის საბაზრო კაპიტალიზაციას $20 მილიონამდე გაზრდის.
გარიგების პირობების თანახმად, BILLZ-ი გააგრძელებს საკუთარი ბრენდის ქვეშ ოპერირებას და სრულად ინტეგრირდება TBC Uzbekistan-ის ეკოსისტემაში. BILLZ-ის მენეჯმენტი და გუნდი კომპანიაში დარჩება და გააგრძელებს საქმიანობას.
როგორც გარიგების შესახებ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, ეს შეთანხმება მიზნად ისახავს მომხმარებლების მოზიდვას და შემოსავლების ზრდას როგორც TBC Uzbekistan-ისთვის, ასევე BILLZ-ისთვის.
ცნობისთვის, BILLZ არის საცალო ვაჭრობის მართვის SaaS პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელიც აერთიანებს POS-ს, ინვენტარიზაციას, CRM-ს, ელექტრონულ კომერციას და ანალიტიკას ოპერაციების გასამარტივებლად და გაყიდვების გასაზრდელად. ის ამარტივებს მარკეტინგს, შეუფერხებლად უკავშირდება სავაჭრო პლატფორმებსა და სოციალურ მაღაზიებს და ეხმარება საცალო ვაჭრობის კომპანიებს ონლაინ განვითარებაში. BILLZ ამჟამად მხარს უჭერს 4000-ზე მეტ საცალო ბიზნესს და ამუშავებს 1.5 მილიონზე მეტ ტრანზაქციას თვეში, რაც მას რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გამოყენებულ SaaS პლატფორმად აქცევს.
BILLZ გააძლიერებს TBC Uzbekistan-ის წვდომას სტრატეგიულად მნიშვნელოვან მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში, უზრუნველყოფს ათასობით ბიზნეს მომხმარებლისთვის დაუყოვნებლივ წვდომას და შექმნის დამატებით სინერგიას ეკოსისტემაში. BILLZ-ის მომხმარებლები კი, თავის მხრივ, საბანკო და საკრედიტო პროდუქტებზე შეუფერხებელ წვდომას მიიღებენ.
TBC Uzbekistan-ის აღმასრულებელი დირექტორის ნიკა ქურდიანის განცხადებით, “თიბისი” უზბეკეთში ინოვაციების დანერგვას გააგრძელებს.
„2019 წელს უზბეკეთში გაფართოების შემდეგ, “თიბისიმ” წამყვანი როლი ითამაშა ქვეყნის ფინანსური მომსახურებისა და ტექნოლოგიების სექტორების განვითარებაში. ჩვენ სიამოვნებით ვაგრძელებთ ამ სამუშაოს ბაზრის ლიდერ BILLZ-თან სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უზბეკეთის სტარტაპ საზოგადოებას“, – განაცხადა ნიკა ქურდიანმა.
BILLZ-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის რუსტამ ხამდამოვის თქმით კი, ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ეტაპია არა მხოლოდ BILLZ-ისთვის, არამედ ცენტრალური აზიის სტარტაპ ეკოსისტემისთვისაც.
“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით ათასობით მეწარმის თანამედროვე ინსტრუმენტებით გაძლიერებაზე, რათა მათ ბიზნესი გაეზარდათ და გაეციფრულებინათ. TBC Uzbekistan-თან ძალების გაერთიანება გვაძლევს ძლიერ პლატფორმას, რათა გავაფართოოთ ჩვენი გავლენა და შევთავაზოთ მეტი ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც ჩვენმა გუნდმა შექმნა და მოუთმენლად ველით ზრდის ამ ახალ თავს “თიბისისთან” ერთად”, – განაცხადა BILLZ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.