ერთი მხრივ, რეჟიმი ავლენს თავის თითქოს სასტიკ სახეს, მეორე მხრივ, ეს არის ცალსახად მათი შიში. მათ სურთ, რომ პოლიტიკოსები გამოკეტონ ციხეში იმიტომ, რომ რა პროცესებიც მიმდინარეობს, ეს უკიდურესად აზიანებს და შლის მათ რეჟიმს,- ამის შესახებ პოლიტიკოსმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს პოლიტიკოს გივი თარგამაძის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განუცხადა.
მისი თქმით, თარგამაძე მერვე პოლიტიკოსია, რომლის მიმართაც დროებითი საგამოძიებო კომისიაზე მოუსვლელობის გამო გადაწყვეტილება გამოაქვს.
„ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო, თუმცა მეორე მხრივ, პოლიტიკურ ცირკში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ეს არის მერვე პოლიტიკოსი, რომლის მიმართაც, როგორც ჩანს, მიღებული იქნება თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის სასამართლო პროცესები, ვერ ვიტყვით, რომ ველოდებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ვსაუბრობთ მოსამართლე გალუსტაშვილზე, რომლის სამართლებრივი კვალიფიკაცია, თუ კეთილსინდისიერება საზოგადოებამ უკვე არაერთხელ ნახა და შეაფასა, თუ როგორ მოქმედებს ის. ასე რომ, ერთი მხრივ, რეჟიმი ავლენს თავის თითქოს სასტიკ სახეს, მეორე მხრივ, ეს არის ცალსახად მათი შიში. მათ სურთ, რომ პოლიტიკისები გამოკეტონ ციხეში იმიტომ, რომ რა პროცესებიც მიმდინარეობს ეს უკიდურესად აზიანებს და შლის მათ რეჟიმს. ეს არის ბრძოლის ნაწილი. ვნახეთ ყველა ის პოლიტიკოსი, რომელთა მიმართაც მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ასევე სინდისის პატიმრები, რიგითი მოქალაქეებიც თავს არ უხრიან ამ რეჟიმს და სწორედ ეს არის ის, რაც შეიძლება ითქვას, რომ დაამარცხებს ამ რეჟიმს და რისიც ეშინია ივანიშვილსა და მის მარიონეტებს“,- განუცხადა აბესაძემ ჟურნალისტებს გივი თარგამაძის სახლთან.
