ოპერიდან 17 გაფიცული თანამშრომლები გაათავისუფლეს — პროფკავშირი

თბილისის ოპერისა და ბალეთის თეატრის 17 თანამშრომელი, რომლებიც შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაფიცულები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიულ კავშირს თავმჯდომარე ნიკოლოზ წიქარიძე ავრცელებს. მან ნეტგაზეთს მიაწოდა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის წერილი, სადაც ის გაფიცულთა გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.
„იმის გათვალისწინებით, რომ გაფიცული პირები გაფიცვიდან 30 დღის შემდეგაც არ აპირებდნენ სამსახურში დაბრუნებას, როდესაც თეატრში მიმდინარეობს აქტიური სეზონი, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და ხელი ეშლება თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას, თეატრმა 2023 წლის 5 დეკემბრის შემდგომ შრომითი ხელშეკრულებებით სამსახურში მიიღო თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად ასრულებენ იგივე ფუნქციებს, რასაც გაფიცული თანამშრომლები. ამასთანავე, საშტატო განრიგით განსაზღვრული სახელფასო ბიუჯეტი სრულად იქნა მიმართული ახლად აყვანილი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე. ამდენად, რადგან თეატრს მოცემული მომენტისათვის, გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულებები პირებთან, რომლებიც ასრულებენ იდენტურ ფუნქციებს, რასაც ასრულებდნენ გაფიცული თანამშრომლები და თეატრს არ ესაჭიროება ერთ პოზიციაზე ორი დასაქმებული პირი და ამასთანავე, აღარც ამის სახელფასო რესურსი გააჩნია, აღნიშნული ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, თეატრმა მიიღო გადაწყვეტილლება, გაფიცულ პირებთან, 2023 წლის 28 დეკემბრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“, — წერია ბადრი მაისურაძის მიერ ნიკოლოზ წიქარიძისთის გაგზავნილ წერილში, რომელიც ნეტგაზეთს სწორედ წიქარიძემ მიაწოდა.
აღნიშნული პასუხის მიღებამდე აღნიშნული 17 თანამშრომელი პროფკავშირის დახმარებით სამსახურში დაბრუნებას ითხოვდა.
კერძოდ, როგორც ისინი აცხადებდნენ, მათ თეატრს 25 დეკემბერს აცნობეს გაფიცვის შეწყვეტისა და მუშაობის განახლების სურვილის შესახებ. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მათ ოპერიდან მიიღეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულები არიან.
ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების გაფიცვა 53 დღეს გრძელდებოდა. გაფიცული ტექნიკური პერსონალი ხელფასების 100%-ით ზრდას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას ითხოვდა. ადმინისტრაცია კი მათ იანვრიდან ხელფასების 40%-ით მატებას დაჰპირდა.
მთავარ ფოტოზე: ოპერის გაფიცული თანამშრომლების მხარდამჭერი აქცია. 14 ნოემბერი, 2023

ასევე დაგაინტერესებთ