სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 53% ქალია, ხოლო 47% — კაცი.
ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა (56%) და ქუთაისში (55%), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49%), ხარაგაულის (49%) და საგარეჯოს (49%) მუნიციპალიტეტებში.
მოსახლეობის 62% ცხოვრობს ქალაქში, ხოლო 38% — სოფლად. საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34%.
საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საველე სამუშაოები 19 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
საქსტატი მაშინ აცხადებდა, რომ აღწერის მიმდინარეობისას თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ აღმწერს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი.
აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.
საქსტატის განცხადებით, აღწერის მიმდინარეობისას თბილისში მცხოვრები მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ აღმწერს, რამაც გარკვეულწილად შეაფერხა და დროში გაწელა პროცესი.
საქსტატის თანახმად, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც მოხდა ფაქტების რეგისტრაცია.
აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდება.
საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა მანამდე 2014 წელს ჩატარდა. 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა, რაც 15%-ით ნაკლები იყო 2002 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელთ არსებული, საყოველთაო აღწერამდელი მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრისთვის, საქართველოს მოსახლეობა 3 684 600 ადამიანს შეადგენდა.
