სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების თანამშრომლებმა ტავუშელი მთავარეპისკოპოსი, ბაგრატ გალსტანიანი დააკავეს.
მანამდე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.
“სამართალდამცავმა ორგანოებმა კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების მასშტაბური და ბოროტი გეგმა აღკვეთეს, რომელიც მიზნად ისახავდა სომხეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას”. – წერს ფაშინიანი.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გალსტანიანმა, როგორც მოძრაობა წმინდა ბრძოლის ხელმძღვანელმა, “სომხეთში ხელისუფლების კანონიერი გზით ხელში ჩაგდება ვერ შეძლო და ამის ქვეყნის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მეთოდებით გაკეთება გადაწყვიტა”.
კომიტეტის ცნობით, გალსტანიანმა, მოძრაობის სხვა წევრებთან წინასწარი ფარული შეთანხმებით, შეიძინა ინსტრუმენტები და საშუალებები ტერორისტული აქტების მოსაწყობად და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. ასევე, განზრახ შექმნა სხვა პირობები, რითიც ხელისუფლების მიტაცებისთვის ემზადებოდა.
ამასთან, უწყების ანგარიშის თანახმად, მოძრაობა წმინდა ბრძოლის ლიდერს ბრალი ედება ტერორისტული თავდასხმების მომზადებასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.