არ ვიცი, რატომ არ მიბარებენ. მაწყობს ვერსია, რომ „დიპ სტეიტის“ უკან ვდგავარ – ბოკერია წულუკიანის კომისიაზე

ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ არ იცის, რატომ არ იბარებს „ქართული ოცნება“ სადავო პარლამენტში ს თავმდჯომარეობით დროებით საგამოძიებო კომისიაზე. მისი თქმით, ამის ანალიზის მცდელობა არაფრის მომტანი არ არის.
რადიო თავისუფლების პოდკასტში, „2150“, ჟურნალისტის, ნასტასია არაბულის კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ დაიბარეს კომისიაზე (იგი უბრალოდ მიიწვიეს), – ბოკერიამ განაცხადა: „მოკლე პასუხია, რომ არ ვიცი“.
გიგა ბოკერიას თქმით, არ სურს ვერსიებზე საუბარი, თუმცა თქვა: „სამწუხაროდ, ამ თემასთან დაკავშირებით, ფართო გაგებით, ჩვენს ბანაკში ბევრი ადამიანი ძალიან უსინდისო ცილისწამებას მიმართავდა… ეს წლების წინ დაიწყო, – არა უბრალოდ კომისიის [კონტექსტში], არამედ ზოგადად ამ საკითხზე [ჩემს არდაკავებაზე]. ეგ, ცუდი გაგებით, „ქოცობა“ არის“…
„მაგრამ მე მაწყობს, რომ [არდაბარების მიზეზი] იყოს ეს ვერსია, რომ „დიპ სტეიტის“ უკან ვდგავარ. „დიპ სტეიტი“ კი არ ვარ, იმის უკან კიდევ. ამას, ბუნებრივია, თითქმის მთლიანად ხუმრობით ვამბობ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ქართული ოცნება“ სამ წელიწადზე მეტია, ავითარებს შეთქმულების თეორიას „გლობალური ომის პარტიაზე“ (რასაც მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) და რომელსაც უკავშირებს მისდამი ყველანაირ კრიტიკას ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან თუ თბილისიდან.
დამაზუსტებელ კითხვაზე მისი არდაბარების შესაძლო ვერსიებს შორის ჩამოთვალა:
„შეიძლება, ივანიშვილის რეჟიმი თვლის, რომ ეს [ჩემი დაპატიმრება] ახლა მნიშვნელოვანი არ არის, ამა თუ იმ მიზეზით. ვიღაცამ ესეც თქვა, „საკმარისად დემონიზებულია“ ან „ისეთ პრობლემას არ წარმოადგენსო“… ამ კურდღლის სოროში ჩაძრომა არაფირს მომტანი არ არის“, – განაცხადა მან.
„უნდა გამოვიყენო ეს სიტყვა, მთლად ბოლომდე უცენზურო არ არის – შიგნაკრავი რეჟიმია და ეს კაციც [] ასეთია. სულელობას კი არ ვაბრალებ, – რაღაც საკითხებში, მიწოლაში, ნასწავლი აქვს, რუსული ოლიგარქიული თვისება აქვს, რითიც გვებრძვის და ამიტომ მანდ უნდა ვაჯობოთ. მაგრამ სხვა მხრივ ვერ გავაანალიზებ, რისი სჯერა… ეს არაფრის მომტანი არ არის“, – თქვა გიგა ბოკერიამ.
4 ივნისს სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჩამოთვალა რამდენიმე ადამიანი, ვისზეც „მოკვლევაა საჭირო“ და „სანამ დაიბარებენ“, მათ კომისიაში ნებაყოფლობით სტუმრობისკენ მოუწოდა. მათ შორის დაასახელა გიგა ბოკერია (ასევე, ლევან რამიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გიორგი კანდელაკი და სიმონ ჯანაშია).
„მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა“, – თქვა თეა წულუკიანმა.
გიგა ბოკერიამ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, რომ თუკი „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე არ დაიბარებენ, პარტიის მესვეურები საკუთარი მხარდამჭერების „დასაცინები გახდებიან“, ხოლო თუ დაიბარებენ, იგი ამ „კლოუნადაში“ მონაწილეობას არ მიიღებს.
დღეს მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში დააზუსტა, რომ დაბარების შემთხვევაში არ გეგმავს გამოცხადებას, რაც პრინციპულ საკითხად მიაჩნია, ხოლო გირაოს გადახდა-არგადახდა – ტაქტიკურ საკითხთან, თუმცა დაბარების შემთხვევაში, ამბობს, რომ თავადაც არ გადაიხდის გირაოს.
ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებულები.