გიგი წერეთელი: ყველაფერი კეთდება პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების დაშინებისთვის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასანეიტრალებლად

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი:
სრულიად წარმოუდგენელი ამბავია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. პოლიტიკური რეპრესიების უპრეცედენტო მასშტაბით და სულისკვეთებით ოცნების ხელისუფლება რეკორდებს ხსნის- ბოლო რამდენიმე კვირაში პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა საპატიმროშია, 60 ზე მეტი აქტივისტი, მედიის თუ ბიზნესის წარმომადგენელი პოლიტიკური ნიშნითაა ციხეში, ათასობით ადამიანი საპროტესტო აქციაზე დგომისთვისაა დაჯარიმებული.
ავტორიტარულ ბელორუსში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა მცირდება, ამ დღეებში 14 მათგანი გათავისუფლდა, თუმცა 1000 ზე მეტი ისევ რჩება საპატიმროში. ჩვენთან მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თუ მოსახლეობის რაოდენობას ან რეპრესიების ტემპს გავითვალისწინებთ, ბელორუსსაც მალე დავეწევით.
კონსტიტუციითა და კანონით ოპოზიციისთვის განკუთვნილი საპარლამენტო კომისია ერთპარტიულ, სადამსჯელო ინსტრუმენტად გადაიქცა. სასამართლოებში არცერთი გამამართლებელი ან შემსუბუქებული გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ყველაფერი კეთდება პოლიტიკური ოპონენტების განადგურებისთვის, კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების დაშინებისთვის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გასანეიტრალებლად.
ეს ყველაფერი, რასაც მოკლევადიანი ეფექტი აქვს სისტემისთვის, საზოგადოების და პოლიტიკური კლასის მეტი კონსოლიდაციისა და შემართების საფუძველი აუცილებლად უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვისაა!
მხარდაჭერა და მალე გათავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს! გამარჯვება საქართველოს!✌✌✌🇬🇪🇬🇪🇬🇪