სამშაბათს, 24 ივნისს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ბიუჯეტის წარდგენისას პირობა დადო, რომ 2029 წელს ქვეყნის თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5%-მდე გაზრდის.
კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციამ ჯერ კიდევ გასულ თვეში წარადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას ვალის აღების მკაცრი წესების შემსუბუქებით. გერმანიის ეს ნაბიჯი განხორციელდა სამშაბათს დაწყებული ნატოს სამიტის წინ, რომლის მიზანია მოკავშირეების თავდაცვის ხარჯების გაზრდა მშპ-ს 2%-დან 3,5%-მდე, პლუს კიდევ 1,5% თავდაცვასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისთვის.
ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის ხარჯები წელს მშპ-ს 2,4%-ს მიაღწევს და შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება, რათა „2029 წელს მივაღწიოთ ნატოს კვოტას, 3,5%-ს“.
გერმანიას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, რადგან ვერ აღწევდა აქამდე არსებული 2%-იანი ხარჯების მიზანს. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მაშინდელმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავდაცვის ხარჯების 2%-მდე გაზრდის პირობა დადო. მან ასევე გამოაცხადა 100 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური მოდერნიზაციის ფონდის შექმნა.
