რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, ასზე მეტი დაშავდა – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა. კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ სამარის დაბომბვისას, რომელიც ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარეობს.
დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 19 სკოლა, ათი საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებელი, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობა, ქალაქის საავადმყოფო და პოლიკლინიკა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მატარებელი, რომელიც ოდესა-ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრაობდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 24 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 97 დამრტყმელი დრონით, რომელთაგან 78 მოიგერიეს. დრონებით დარტყმა დაფიქსირებულია ექვს ადგილზე.
23 ივნისს რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევისას ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, 23 ივნისს კიევში ცხრა ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი
