დღეს, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება ნატო-ში. კარგად მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდი ქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა გვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველო-ნატო-ს სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც კალაძემ განაცხადა, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგიდან არ გამქრალა [ნატო-სკენ სვლა], არამედ თავად ნატო-ს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არ განიხილება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანება სამომავლოდ“.
„ჩვენ ვიცავთ თავს, ვიცავთ ქვეყანას, ქვეყნის ინტერესს. დღევანდელი მოცემულობიდან, რა განცხადებებიც კეთდება, რა დამოკიდებულება აქვთ საქართველოსთან მიმართებით, რაც უფრო შორს იქნებიან ეს ადამიანები, მით უკეთესი. იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან უმძიმესია, სიცრუეზეა დაფუძნებული.
საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ მიმართულებით. თუნდაც ნახეთ, როგორი პარტნიორი იყო საქართველო საერთაშორისო მისიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა არ ვართ, ყოველთვის ყველაზე მეტი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი საჯარისო დანაყოფების თვალსაზრისით. უამრავი მადლობა და წარმატება ჰქონდათ ჩვენს ბიჭებს. ჩვენ დავამტკიცეთ, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით და ფაქტებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა. თუმცა, დღეს, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც საქართველოს და ვერც უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება ნატო-ში. კარგად მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდი ქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა გვქონდეს პრაგმატული და სწორი პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებსა და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
